დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურის პირველი ცხრა მატჩი, რომლებს შორისაც მთავარ დაპირისპირებაში ბარსელონა პარი სენ-ჟერმენს ესტუმრება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
პარი სენ-ჟერმენი VS ბარსელონა | 23:00
ბარსელონა სრულიად დამსახურებულად ითვლება ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად, რომელმაც სეზონის დაწყების შემდეგ, უკვე იმარჯვა მიყოლებით 11 შეხვედრაში: 9-ჯერ პრიმერა დივიზიონში და 2-ჯერ ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე. ცალკე გამოსარჩევია კატალონიელთა ბურთების შეფარდება: 48 გატანილი და 11 გაშვებული.
გამოდის, რომ "ბლაუგრანა" საშუალოდ 1 მატჩში 4,3 გოლს იტანს. მიმდინარე კვირა იქნება კარგი საშუალება იმის შესამოწმებლად, თუ რეალურად რამდენად ძლიერები არიან კამპ ნოუს მკვიდრები. პარიზში სტუმრობის შემდეგ, მათ ელით კლასიკო მადრიდის რეალთან. ერთი სიტყვით, გამოცდებით სავსე კვირა ჰანსი ფლიკის შეგირდთათვის.
რაც შეეხება პსჟ-ს, სეზონის არც თუ ისე დამაჯერებლად დაწყებით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ჩვეულ ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს. "ლურჯ-წითელთა" მონაგარი 9 სექტემბრის შემდეგ 6/6 მოგებას შეადგენს. გზად დამარცხებული იქნა მანჩესტერ სიტიც კი, თანაც სტუმრად. "ქალაქელებთან" შეხვედრაში ლუის ენრიკეს შეგირდთა სრულფასოვანი სიძლიერე ვიხილეთ.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს აქვს საკადრო პრობლემები, თანაც დაცვით ხაზში. ბარსელონას არ ეყოლებიან ერიკ გარსია და ჟიულ კუნდე, პარკ დე პრენსის მკვიდრები კი ნუნუ მენდეშის გარეშე დახვდებიან მოწინააღმდეგეს. ხვიჩა კვარაცხელია მწყობრშია და თუ არ მოხდა რაიმე გაუთვალისწინებელი, ის ძირითადში იქნება.
დიახ, ენრიკეს უყვარს როტაციები, მათ შორის ქართველი შემტევის მიმართებაშიც, თუმცა ჩემპიონთა ლიგის დიდი მატჩები მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. აღნიშნული შეხვედრა განსაკუთრებული იქნება ესპანელი სპეციალისტისთვის, თავისი კატალონიური წარსულის გათვალისწინებით.
წარმატებული საფეხბურთო კარიერა, მოგვიანებით კი პირველი ტრებლი მწვრთნელის რანგში - ყველაფერი ეს ლუისისთვის "ბლაუგრანაში" იყო. აუცილებლად გამოსარჩევია უსმან დემბელე, რომელიც კამპ ნოუზე არც ისე წარმატებული პერიოდის შემდეგ, პარიზში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ იქცა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პსჟ-მ დაიმატა ფერან ტორესიც - კიდევ ერთი ისეთი ფეხბურთელი, ვის მიმართაც ბარსელონას ქომაგებს პრეტენზიები ჰქონდათ. სეზონის დასაწყისმა აჩვენა, ესპანელი ფორვარდი ტოპ დონეზეა: 9 შეხვედრაში 7 გატანილი ბურთი ლურჯ-წითელი მაისურით.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით მე-17 მატჩი და რაც შეეხება წინა დაპირისპირებებს, 6-ჯერ იმარჯვეს როგორც კატალონიელებმა, ისე პარკ დე პრენსის მკვიდრებმა, 4 შეხვედრაც ფრედ დასრულდა. პარიზისთვის ნამდვილი კოშმარი იყო ნეიმარ ჟუნიორი, რომელმაც "ბლაუგრანას" მაისურით ფრანგებს 7 ბურთი შეუგდო.
მოგვიანებით, ბრაზილიელი თავდამსხმელი პსჟ-ში თავად აღმოჩნდა. იგივე ითქმის ლიონელ მესიზეც, ვინც კამპ ნოუს ბინადრების სახელით გაიტანა 6 ბურთი, შემდეგ კი მანაც ლურჯ-წითელი მაისური მოირგო. ფრანგების მხრიდან ასევე 6 გოლით საუკეთესო გოლეადორია კილიან მბაპე, რომელიც დღეს იცავს ბარსას ყველაზე პრინციპული ოპონენტის, "სამეფო კლუბის" ღირსებას.
ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის მატჩის დღე
| საბაჰი - დორტმუნდი | 20:45 |
| ფენერბაჰჩე - სლავია | 20:45 |
| პსჟ - ბარსელონა | 23:00 |
| ლივერპული - ვილიარეალი | 23:00 |
| შტუტგარტი - ატლეტიკო | 23:00 |
| ნაპოლი - ბოდო გლიმტი | 23:00 |
| მანჩესტერ სიტი - აეკი | 23:00 |
| რომა - სლოვანი | 23:00 |
| პორტუ - პსვ | 23:00 |












