ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი კიდევ ერთხელ დაიცვა. ვეტერანმა ჩემპიონმა მოვსარ ევლოევს აგემა პირველი წაგება, თანაც ნოკაუტით. ავსტრალიელი მებრძოლის ანგარიშზე 66 კილოგრამში უკვე არის 2 ჩემპიონობა და ქამრის 7-ჯერ დაცვა. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ "დიდებული" ამ ნიშნულამდე 38 წლის ასაკში მივიდა.
ვოლკანოვსკის არ ჰყავს ბადალი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში, თუმცა როგორც გვახსოვს, მის გზაზე იყო ერთადერთი მეტოქე, ვისი დამარცხებაც მან 66 კილოგრამში ვერ შეძლო. საუბარია ილია თოფურიაზე, რომელმაც 2 წლის წინ, ავსტრალიელი მებრძოლის ჰეგემონია შეაჩერა. მისი დომინირება გაგრძელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართველი 70 კგ-ში ავიდა.
დიახ, ალექსანდერი დამარცხებულა ისლამ მახაჩევთანაც, თუმცა ეს მსუბუქ წონით დივიზიონში იყო. აქტიურად არის საუბრები იმის შესახებ, რომ "დიდებული" კიდევ ერთხელ ცდის ძალებს 70 კილოგრამში და ამჯერად ჯასტინ გეიჯისთან იჩხუბებს. ლოგიკურია, იმის გათვალისწინებით, რომ 66 კგ-ში 38 წლის მებრძოლს კონკურენტი ამ მომენტში აღარ ჰყავს.
ასე და ამგვარად, მსუბუქი წონითი დივიზიონის ამერიკელ ჩემპიონთან ბრძოლის მსურველების რიცხვში უკვე ვოლკანოვსკიც ფიგურირებს. თავად "ჰაილაითი" თეთრი სახლის შემდეგ არ ჩქარობს და კარიერის დასრულებაზეც ფიქრობს. ცხადია, საბოლოო სიტყვა დანა უაითზეა, რომელმაც მისთვის ყველაზე აქტუალური მოწინააღმდეგე უნდა შეარჩიოს.
"ელ მატადორთან" რევანში, ავსტრალიელ ჩემპიონთან დაპირისპირება, ასევე მაქს ჰოლოუეის, ჩარლზ ოლივეირას, არმან ცარუკიანისა და პედი პიმბლეტის ვარიანტების განხილვაც...ყველა მათგანი 37 წლის მებრძოლთან ჩხუბის მოლოდინშია. აქედან გამომდინარე, რთულად წარმოსადგენია, რომ გეიჯის სახით ასეთი "სასურველი" მოწინააღმდეგე მსოფლიოს მთავარმა პრომოუშენმა დროზე ადრე პენსიაზე გაუშვას.












