France Football-ის მთავარმა რედაქტორმა, ვინსენ გარსიამ, განაცხადა, რომ წლევანდელ ოქროს ბურთის რბოლაში ჰარი კეინსა და კილიან მბაპეს შორის ბრძოლა უკიდურესად დაძაბული იყო და გამარჯვებულის ვინაობა ძალიან მცირე სხვაობამ გადაწყვიტა.
"წელს რამდენიმე სერიოზული კანდიდატი გვყავდა, თუმცა ყველაზე ახლოს ჰარი კეინი და კილიან მბაპე იყვნენ. მათ შორის ბრძოლა ძალიან მცირე სხვაობით გადაწყდა. კეინსა და მბაპეს შორის ქულათა სხვაობა იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე 2024 წელს როდრისა და ვინისიუს ჟუნიორს შორის არსებული სხვაობა, რომელიც 41 ქულას შეადგენდა. მაშინაც კი, ეს ძალიან მცირე სხვაობა იყო. წელს კი კეინსა და მბაპეს შორის პირველი ადგილისთვის ბრძოლა წარმოუდგენლად დაძაბული გამოდგა", - განაცხადა გარსიამ.
France Football-ის მთავარმა რედაქტორმა ისიც აღნიშნა, რომ კენჭისყრის შედეგებს რეალურ დროში აკვირდებოდა. მისი თქმით, მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, თუმცა კეინმა ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო და საბოლოოდ, გამარჯვებულის ვინაობა სულ რამდენიმე ქულამ გადაწყვიტა.
გარსიას ასევე ჰკითხეს, ვის მისცა ხმა თავად. მან პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ ჟიურის წევრებს სთხოვს, საკუთარი არჩევანი ჟურნალის გამოქვეყნებამდე არ გაამჟღავნონ.
"მირჩევნია, ეს France Football-ის ჟურნალის გამოქვეყნების შემდეგ გაიგოთ. ჟიურის წევრებს ვთხოვ, მანამდე თავიანთი ხმები არ გაამჟღავნონ, ამიტომ თავადაც ასე მოვიქცევი. ხმა მივეცი ფეხბურთელს, რომელმაც ჯილდო ვერ მოიგო, თუმცა მიმაჩნია, რომ ის გამარჯვებას იმსახურებდა“, - აღნიშნა გარსიამ.











