კომო - არა მხოლოდ იტალიური, არამედ უკვე ზოგადად, ევროპული ფეხბურთის ბოლო წლების მთავარი სენსაცია. გუნდი, რომელიც გასცდა სერია ა-ს ფარგლებს და რეკორდების დამყარება დაიწყო მთავარ საკლუბო ტურნირზეც კი, თანაც, სადებიუტო სეზონში. განვიხილოთ, რა დგას "ბიანკობლუს" წარმატების მიღმა.
წარსული - უბრალოდ პატარა ტბისპირა გუნდი
კომო ტიტულებით განებივრებული გუნდი არასდროს ყოფილა. წარსულში საუკეთესო შედეგად ითვლებოდა სამჯერ სერია ბ-ს ჩემპიონობა და კალჩოს უმაღლეს დივიზიონში აღზევება. დიახ, იტალიური ფეხბურთის ელიტაში ასვლა იყო ზეიმის ტოლფასი, იმის მიუხედავად, რომ "ბიანკობლუ" მთავარ ლიგაში დიდხანს ვერასდროს ჩერდებოდა.
"ტბისპირელებს" ჰყავდათ თავისი ლოკალური ლეგენდები და ასევე რამდენიმე დიდი ფეხბურთელის ხილვის ბედნიერებაც ჰქონდათ. მაგალითისთვის ავიღოთ პაოლო როსი, რომელიც კარიერის სტარტზე, ტურინის იუვენტუსში ვერდამკვიდრების შემდეგ სწორედ სტადიო ჯუზეპე სინიგალიაზე გაანათხოვრეს.

პიზადან კომოში გადასულა მარკო ტარდელი, პირველი ნაბიჯები კი ამ გუნდში პიეტრო ვერხოვოდმა და ჯანლუკა ძამბროტამ გადადგეს. "ბიანკობლუში" უთამაშია არგენტინის მუნდიალის ვარსკვლავს, დირსეუ ჟოზე გიმარაესსაც, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ ბრაზილიელ მოთამაშედ ითვლება.
სხვა გამორჩეული ფეხბურთელები - მარკო სიმონე, კარლო კუდიჩინი და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მწვრთნელად შერაცხული რობერტო დე ძერბი. სპეციალისტთა თემას რომ გავყვეთ, "ტბისპირელებში" აღმოვაჩენთ ლუის სუარეს მირამონტესსა და ოტავიო ბიანკისაც.

რაც შეეხება თანამედროვე ეპოქას, ჯუზეპე სინიგალიაზე კალიარიდან იჯარით უთამაშია ნიკოლო ბარელას, სესკ ფაბრეგასმა კი აქ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ესპანელ ექს-ფლეიმეიქერს კიდევ არაერთხელ ვახსენებთ, როცა საუბარი კომოს უკანასკნელი პერიოდის წარმატებებზე ჩამოვარდება.
ხმაურიანი სახელების მიუხედავად, როგორც აღვნიშნეთ, "ბიანკობლუს" საუკეთესო შედეგად სერია ა-ში რამდენჯერმე აღზევება ითვლებოდა. 2002/03-ის სეზონის შემდეგ, "ტბისპირელები" კალჩოს ელიტიდან გაქრნენ, თანაც დიდი ხნით და ამ წარუმატებლობას ჰქონდა თავისი მიზეზი: გაკოტრება.

იქამდე იყო მატჩი, რომელიც ჯუზეპე სინიგალიას ბინადრების ისტორიაში სამუდამოდ შავ ლაქად დარჩა. საუბარია მოდენასთან დაპირისპირების შესახებ, რომლის დროსაც კომოს კაპიტანმა, მასიმილიანო ფერინომ ფრანჩესკო ბერტოლოტის დაარტყა იდაყვი, რის გამოც ეს უკანასკნელი წაიქცა და თავის ტრავმის შედეგად კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა.
იტალიელმა ნახევარმცველმა 3-წლიანი დისკვალიფიკაცია და 10-თვიანი პირობითი პატიმრობა მიიღო. ამის მიუხედავად, "ბიანკობლუმ" 2002/2003 წლების სეზონში მოახერხა კალჩოს ელიტაში შესვლა, მაგრამ იქ ყოფნა დიდ იმედგაცრუებად იქცა, რადგან კლუბი მთელი სეზონის მანძილზე სატურნირო ცხრილის ფსკერზე განისვენებდა.

"ტბისპირელების" მდგომარეობა დაამძიმა იმ ფაქტმაც, რომ გულშემატკივრების მხრიდან ძალადობის გამო მათ სტადიონზე მატჩების გამართვა აიკრძალა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ფინანსური სირთულეები და შედეგად, სინიგალიას მკვიდრები 2004-ის დეკემბერში გაკოტრდნენ. სიტუაცია გახდა გამოუვალი მას შემდეგ, რაც ენრიკო პრეციოზის კლუბის ყიდვა არავინ ისურვა.
ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი ლოგიკური დასასრული - წართმეული ლიცენზია, ლიკვიდაცია და სამოყვარულო დივიზიონებამდე დაქვეითება. ასე განადგურდა კლუბი, რომლის შემადგენლობაში კარიერის პირველ ნაბიჯებს ერთ დროს როსი, ტარდელი, ვერხოვოდი, სიმონე, ძამბროტა და ბარელა დგამდნენ.

აღზევება - კომოს ტბის ადიდება
კომომ იტალიური ფეხბურთის ფსკერზე იტრიალა 2010-იანი წლების შუა პერიოდამდე, 2017-ის მარტში კი მაიკლ ესიენის მეუღლემ, აკოსუა პუნიმ გაკოტრებული კლუბი 237 000 ევროდ შეიძინა. განელი ქალბატონი გახდა პირველი უცხოელი ბიზნესვუმენი, რომელმაც კალჩოში განახორციელა ინვესტიცია, მაგრამ მისი მმართველობა ხანმოკლე გამოდგა.
"ბიანკობლუს" მაინც გაჰყვა ფინანსური პრობლემები - ფეხბურთელებისა და პერსონალისთვის ხელფასების გადაუხდელობის გამო, ფედერაციამ კლუბს მე-3 დივიზიონში რეგისტრაციაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ, 2019-ში "ტბისპირელები" შეიძინა ინდონეზიურმა გიგანტმა, Djarum Group-მა, რის შედეგადაც დაიწყო აღმავლობა, რომელიც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე გაბრწყინებით დაგვირგვინდა.

ისმის კითხვა - რატომ ჯუზეპე სინიგალიას ბინადრები და არა პირობითი ტორინო, სამპდორია ან ჯენოა, რომლებსაც ისტორიულად იტალიაში ბევრად უფრო დიდი წონა აქვთ? ძმები მაიკლ და რობერტ ჰარტონოები, რომლებიც არიან აზიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანები, "ბიანკობლუმ" რამდენიმე მიზეზის გამო მიიზიდა.
კომო უბრალოდ იტალიური ქალაქი არ არის - ეს არის გლობალური, ფეშენებელური ბრენდი. აქ მდებარე ტბა მსოფლიო ელიტის, ჰოლივუდის ვარსკვლავებისა და მდიდარი ტურისტების საყვარელი ადგილია. ინვესტორებს სურდათ ისეთი კლუბი, რომლის სახელიც მსოფლიოში უკვე ასოცირდებოდა ფუფუნებასთან, სილამაზესა და პრესტიჟთან.

ეს მარკეტინგულად ბევრად იოლი გასაყიდი პროექტი იყო, ვიდრე იტალიის რომელიმე ნაკლებად ცნობილი პროვინციული გუნდის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინდონეზიელი ბიზნესმენების ხედვა იყო მაქსიმალურად შორს იმ ჩახლართული და ხშირად კრიმინალური სქემებისგან, რომლებმაც კალჩო ჩაძირეს.
Djarum Group-მა "ტბისპირელები" იყიდეს გაკოტრების მერე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ძველი მფლობელების ყველა ბუნდოვანი ვალი და კავშირი იურიდიულად ჩამოჭრილი იყო. ჰარტონოებმა თავიდანვე დაიწყეს სინიგალიას მკვიდრთა იმიჯზე ზრუნვა და კლუბში მოიყვანეს იდეალური რეპუტაციის მქონე ცნობადი სახეები, მათ შორის ფაბრეც.

ამ ყველაფერმა შექმნა ერთგვარი ფარი, რომელმაც მაიკლისა და რობერტის კლუბი იტალიური კრიმინალური სამყაროსგან დაიცვა. ყოველგვარი ზეწოლა, რომელიც იქნებოდა განხორციელებული კომოზე, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდებოდა. ერთი სიტყვით, საქმე გვაქვს ბიზნეს პროექტთან და არა იტალიელი ჩინოვნიკის პირად ახირებასთან.
დავუბრუნდეთ სესკს, ვინც თანამედროვე "ბიანკობლუს" სიმბოლოდ იქცა. თავდაპირველად ფეხბურთელის რანგში მისული ლეგენდარული ესპანელი ფლეიმეიქერი დათანხმდა ლონდონის ჩელსის ექს-კაპიტნისა და "ტბისპირელთა" იმდროინდელი გენერალური დირექტორის, დენის უაიზის წინადადებას.

დღეს, ბარსელონას ყოფილი ნახევარმცველი არის ჯუზეპე სინიგალიას ბინადრების მწვრთნელი, აქციონერი და წარმატების მთავარი შემოქმედი. ესპანეთის ეროვნული გუნდის ყოფილი მე-10 ნომრის გარდა, ჰარტონოების კლუბთან კავშირშია კიდევ ერთი ცნობილი სახე, ტიერი ანრი, რომელიც ასევე მეწილეა.
ფრანგ ყოფილ თავდამსხმელს ჯერ კიდევ კატალონიაში თამაშის დროს სურდა კომოში ინვესტიციის განხორციელება, ძამბროტას შთაგონებით, რომელიც მისი თანაგუნდელი იყო. და მაინც...რა მოსწონთ ინვესტორებს "ბიანკობლუში"? ბუნება, ატმოსფერო, მშვიდი გარემო და რაღაც მცირედან გრანდიოზულის შექმნის შანსი.

წარმატებები საფეხბურთო მოედანზე და სატრანსფერო ბაზარზე
სამოყვარულო ლიგა, სერია D, C, B, და A - ეს არის კომოს განვილი გზა იტალიური ფეხბურთის სისტემის კიბეზე, 2017 - 2024 წლებში. კალჩოს ელიტაში სადებიუტო სეზონში "ბიანკობლუმ" დაიკავა მე-10 პოზიცია, რაც ცხადია მხოლოდ გახურება იყო. 1 წლის შემდეგ, მოკრძალებულმა "ტბისპირელებმა" ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საგზური მოიპოვეს.
ფაბრეგასის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ოთხეულისთვის ბრძოლაში იუვენტუსსა და მილანსაც კი აჯობა. რაც შეეხება უშუალოდ პერფომანსს, სინიგალიას მკვიდრებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს: განადგურებული მანჩესტერ იუნაიტედი (4:1), ლაიპციგი (4:1) და ლანსი (9:1). დიახ, დიახ, კომომ "წითელ ეშმაკებს" მოუგო უშანსოდ, პა-დე-კალელებს კი სტუმრად 9 (!) ბურთი შეუგდო.
ოლდ ტრაფორდის ბინადრების მიმართებაში შეგვიძლია იმის თქმა, რომ 21-ე საუკუნეში ეს იყო მათი ყველაზე მძიმე მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე. რაც შეეხება "წითელ-ოქროსფრებთან" მოგებას, საუბარიც კი ზედმეტია იმაზე, თუ როგორი გრანდიოზული მოვლენაა, როცა ოპონენტის კარს იღებ 9-ჯერ, თანაც, სტუმრად.
ჩემპიონთა ლიგის ახალ ეპოქაში ეს მოახერხა მხოლოდ მიუნხენის ბაიერნმა, როდესაც ზაგრების დინამო სახლში დაამარცხა ანგარიშით 9:2, კომომ კი როგორც ვხედავთ, კიდევ უფრო ღრმად შეტოპა. "ბიანკობლუმ" გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/8 ფინალისკენ, თანაც, პლეიაუტის თამაშის აუცილებლობის გარეშე.
ჩემპიონთა ლიგის ფაზის ნახევარი გზა განვლილია, "ტბისპირელები" კი სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის პარალელურად, ფაბრეს შეგირდები არც კალჩოს ივიწყებენ და სასკუდეტო ბრძოლაშიც ჩართულები არიან.
ცალკე გამოსარჩევია ჯუზეპე სინიგალიას ბინადრების წარმატება სატრანსფერო ბაზარზე, რაც პირველ რიგში ნიკო პასის გამოსყიდვას გულისხმობს. ცოტა ხნის წინ, კომო იყო ერთგვარი სანატორიუმი ისეთი ჩამქრალი ვარსკვლავებისთვის, როგორებიც არიან პეპე რეინა, რაფა ვარანი, ალვარო მორატა, დელე ალი, სერხი რობერტო, ანდრეა ბელოტი და სხვები.

არგენტინელი ნახევარმცველის მადრიდის რეალიდან 60 მილიონ ევროდ გამოსყიდვა იტალიურ ფეხბურთში ნამდვილად ახალი სიტყვა გამოდგა. "ბიანკობლუს" ლიდერი კალჩოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების 10-ეულშია, კრიშტიანუ რონალდუს, გონსალო იგუაინის, რომელუ ლუკაკუს, ვიქტორ ოსიმენისა და გონსალუ რამუშის გვერდით. საუბარია ლეო მესის მემკვიდრეზე არგენტინის ეროვნულ გუნდში.
ამბიციებისა და პროგრესიდან გამომდინარე, "ტბისპირელებში" უახლოეს მომავალში სხვა ვარსკვლავებსაც უნდა ველოდოთ. სანამ სერია ა-ს ტოპ კლუბები ბაზარზე დასდევენ თავისუფალ აგენტებსა და განათხოვრების წესით გადმომსვლელ მოთამაშეებს, ფაბრე და პარტნიორები აშენებენ პროექტს, რომელიც მომავალში შესაძლოა მართლაც სრულფასოვან დიდ მოვლენად იქცეს.












![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)





