5 დეკემბერს, ნიკა საბანაშვილს უნდა ჰქონოდა ბრძოლა მაგდი ამაჩოვთან, თუმცა ამ უკანასკნელმა ივენთის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ჩხუბზე უარი განაცხადა. La Gazzetta Dello Sport Georgia დაუკავშირდა ქართველ მებრძოლს და მასთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც დაღესტნელ მოწინააღმდეგესთან ჩხუბის გარეშეც საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.
- როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში MMA? მოგვიყევი პირველ ნაბიჯებზე...
- MMA-ში ვარჯიში 21 წლის ასაკში დავიწყე. მანამდე 15 წელი გამოვდიოდი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ვირიცხებოდი კადეტთა, ახალგაზრდებისა და დიდების ეროვნულ ნაკრებში. MMA-ზე გადასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ცხოვრებაში რაღაც ახალი მჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე უზომოდ მიყვარს, მჭირდებოდა ახალი გამოწვევა. ჩემი სპორტული გზის გაგრძელებას და დასასრულს აქ უფრო ნათლად და სრულყოფილად ვხედავდი, ვიდრე ჭიდაობაში.

- ვარჯიშობდი შვედეთში, მოგვიანებით დაბრუნდი საქართველოში, შემდეგ აშშ - Syndicate MMA და KINGS MMA...რას იტყვი ამ გამოცდილებაზე?
- საქართველოში MMA-ს დარბაზებს რომ გავეცანი და ჩემი თავი რაღაც დონეზე ამოვიცანი, ინტერესის დასაკმაყოფილებლად ვცადე, რომ სხვაგანაც მომესინჯა ძალები. მაინტერესებდა, ჩემი ფიქრები და წარმოდგენები რეალობასთან რამდენად ახლოს იყო, ამიტომ შვედეთში წასვლა გადავწყვიტე...მაშინ ეს ყველაზე მარტივი გზა მეჩვენა.
- ვიყავი Allstars-ში, გურამის დარბაზში, სადაც ორი კვირა ვივარჯიშე. შემდეგ ესპანეთში გადავფრინდი - იქ დაახლოებით ერთი თვე ვიყავი იმავე Allstars-იდან წასული ბიჭების ახალ გახსნილ დარბაზში, სადაც სპორტსმენებთან ერთად სრულფასოვანი კემპი გავიარე და სამშობლოში დავბრუნდი. საქართველოში 2 ბრძოლა გავმართე და ამის შემდეგ უკვე ამერიკაში წამოვედი.

- რომელ მებრძოლებთან გქონდა კვეთა და ვინ დაგეხმარა შენი საბრძოლო სტილის ფორმირებაში?
- გიგა ჭიკაზე იყო პირველი ქართველი მებრძოლი, ვისთანაც სრულყოფილი ვარჯიშების ჩატარება დავიწყე და თავის ცოდნას ყოველთვის მიზიარებდა. ამ გზაზე უამრავ ცნობილ სპორტსმენთან მქონდა შეხება: ნეიმარი, გრეისი, სვონსონი და ძალიან ბევრი UFC-ს მებრძოლი. ბევრ უცხოელთან და ქართველთანაც.
- რა თქმა უნდა, ერთად ვღვრიდით ოფლს ამ დარბაზებში. რაც შეეხება Xtreme Couture-ს (სინდიკატს), იქ უფრო ქაოსური სიტუაციაა - ძალიან ბევრი მებრძოლია, სადაც თითოეული საკუთარ თავზე ზრუნავს და პროფესიონალურად ვითარდება. იქ შენზე ისე ინდივიდუალურად და კონცენტრირებულად არავინ იმუშავებს, თუმცა სინდიკატშიც კარგი საბრძოლო გამოცდილება მივიღე, რადგან ბევრ ძლიერ უცხოელ ბიჭთან ვსპარინგობდი და ეს წინსვლაში ძალიან დამეხმარა, მაგრამ შემდეგ იქიდანაც წამოვედი.
- წამოვედი King’s MMA-ში ბენეილ დარიუშთან, სადაც ვფიქრობ, რომ ჩემი ჭეშმარიტი სახლი ვიპოვე - როგორც სტილისტურად, ისე ადამიანურად. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბენეილი არის კაცი, რომელმაც მთლიანად დამინახა მე როგორც მებრძოლი. ამ სპორტში ის ჩემი მთავარი მასწავლებელია, რომლისგანაც დარბაზშიც და დარბაზს გარეთაც უზომოდ ბევრს ვსწავლობ.
- სიმართლე რომ ვთქვა, ზუსტად ეს მჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჭიდაობის უზარმაზარი ბაზა მქონდა, ჯიუ-ჯიცუ ძალიან სწრაფად ავითვისე და შავ ქამრამდეც სულ რამდენიმე წელიწადში მივედი. ბენეილთან ჩემი სქილები კიდევ უფრო დაიხვეწა და დაღვინდა ბუნებრივია, ამ გზას ძალიან ბევრი სირთულე ახლდა თან.

- მოგვიყევი შენს სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე...სად წარმოგიდგენია შენი თავი მომავალში?
- გულწრფელი რომ ვიყო და არა ქედმაღალი, რასაც ვფიქრობ, იმას გეტყვით - აუცილებლად უნდა მოვხვდე დიდ რინგზე, სხვაგვარად არ ვიცი. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრაგედია იქნება, იმიტომ, რომ ამისთვის დავიბადე. ამით ვცოცხლობ და ჩემს თავს მომავალში აუცილებლად დიდ რინგზე ვხედავ.
- ამერიკამ იმდენივე გამოცდილება მომცა, რამდენი წინაღობაც დამახვედრა, თან ისე წამოვედი, რომ ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი. აუცილებლად ვიქნები UFC-ში და ვივლი დიდი მიზნებისკენ. ძალიან ძლიერი მებრძოლი ვარ და ამის თქმა აი ასე, ხმამაღლა და პირდაპირ შემიძლია. უბრალოდ, ჯერ ჩემი დრო იმიტომ ვერ მოვიდა, რომ დარბაზის გარეთ არის აქ ყოფნა ყველაზე რთული.

- ეს ყოველდღიურობა და აქაურ ცხოვრებასთან გამკლავება. მაგიტომ არ ვჩანვარ დიდ რინგზე, თორემ დღესაც თავისუფლად მოვახერხებდი ყველაფერს, მაგრამ როცა ეს ქარი ჩადგება, ვფიქრობ, საქართველოს ძალიან ბევრ ლამაზ გამარჯვებას მოვუტან. UFC-ს ჩემპიონობისკენ მივდივარ. დარბაზში შესვლის დღიდან ეს ჩემი მიზანი იყო და ამისკენ ყოველდღიურად მივდიოდი, მიუხედავად იმისა, რა არ უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში.
- მსოფლიო ჩემპიონობა ყოველთვის მთავარი მიზანი იყო. შესაძლოა, სპორტსმენების 90 პროცენტი ამას ამბობს, მაგრამ აქ მარტო მე არ ვყოფილვარ, ვინც ასე ფიქრობდა. ჩემს გარშემო იდგნენ დიდი ადამიანები სპორტული გაგებით, რომლებიც ამისკენ მენტალურად და ფიზიკურად ყოველდღიურად მიბიძგებდნენ.

- 5 დეკემბერს უნდა გქონოდა ბრძოლა მაგდი ამაჩოვთან, თუმცა მან შენთან დაპირისპირებაზე უარი თქვა. რა არის მიზეზი?
- ბრძოლის კონტრაქტზე ხელის მოწერაზე უარი თქვა...სხვა დეტალები არ ვიცი. თუ მოაწერს ხელს, ბრძოლა შედგება. მასთან ერთად სინდიკატში მივარჯიშია, რამდენიმე საერთო ვარჯიში ჩაგვიტარებია და წესით, ჩემთან ჩხუბი ფიქრადაც არ უნდა აეღო.
- ქართველ და დაღესტნელ მებრძოლებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. როგორ შეაფასებდი ბოლოდროინდელ მოვლენებს?
- 10 ერთზე ჩხუბი არც სპორტულია, არც კაცური და არც წაქცეულისთვის წიხლის დარტყმაა სწორი. ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება, რომ ყველა თავისას მიიღებს...ღმერთი ზევიდან იყურება, ყველაფერს ხედავს და პასუხსაც გასცემს, არავის არ დატოვებს. რაც შეეხება ამაჩოვს, ახლა მე მასზე დიდ კომენტარს ვერ გავაკეთებ...ეს მისი აზრია, მისი ფიქრებია და თავისი განცხადება გააკეთა, მე კი ჩემს გასაკეთებელს გალიაში გავაკეთებ და ყველას საქმით გავცემ პასუხს.

- ბოლოს კი ცოტა ფანტაზია ჩავრთოთ - გვითხარი, ვინ არის შენთვის ყველაზე სასურველი მეტოქე...არ აქვს მნიშვნელობა პრომოუშენსა და დივიზიონს, ნებისმიერი მებრძოლი.
- პეიტონ ტალბოტი - ვფიქრობ, ყველანაირად საინტერესო ბძოლა იქნებოდა. ბიჭი დიდ გზაზეა, დიდი მებრძოლებიც გაიარა და მასთან ბრძოლა ყველაფერს ნათელს მოჰფენდა.

















