დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებს შორის. მატჩი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეშია ჩანიშნული.
სამწუხაროდ, ბოლო ტურის წინ, სატურნირო ცხრილში ისეთი სიტუაციაა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგული გვაქვს, თუმცა ამ თამაშს სხვა მოტივაციით ვხვდებით - გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები B ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, მარცხის შემთხვევაში კი ფლეი-ოფი გვექნება სათამაშო.
დისკვალიფიკაციის შემდეგ, ნაკრებს გიორგი ქოჩორაშვილი დაუბრუნდა, ამავე მიზეზით უკრაინასთან მატჩს გიორგი წიტაიშვილი გამოტოვებს. განაცხადს მიღმა დარჩნენ გიორგი გულიაშვილი და ნოდარ ლომინაძე.
ისტორიის განმავლობაში, საქართველოს ნაკრებს უკრაინისთვის არასდროს მოუგია და რამაზ სვანაძის გუნდი ნავსის გატეხვას წლის ბოლო მატჩში შეეცდება.
რამაზ სვანაძე (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):"ფაქტია, საქართველოს ნაკრებში რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობაა და ამის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ. ყოველი შემდეგი მატჩი არის შანსი, რომ ამის გამოსწორება დავიწყოთ. იმედია, ეს ხვალინდელ მატჩში მოხდება და იმ შედეგს დავაფიქსირებთ, რაც ყველას სურს. "დამასრულებელ ფაზაში უნდა ვიყოთ უფრო თამამები, გადამწყვეტები და კონკრეტულები. მთელი თამაში აგრესიულები უნდა ვიყოთ და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კონცეტრაცია. ისინიც რთულ პერიოდს განიცდიან, თუმცა მათი ძალა და დონე ძალიან კარგად ვიცით. დიდ პატივს ვცემთ და რთული მატჩი იქნება როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის."
ანდრეა მალდერა (უკრაინის ნაკრების მწვრთნელი): "საქართველოს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს, თუმცა მხოლოდ სიტყვები არ არის, ყველაფერი უშუალოდ თამაშში გამოჩნდება. სამწუხაროდ, ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა, მაგრამ ტრავმირებული მათაც ჰყავთ - გუნდის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. ეს ფეხბურთია, ტრავმიანობა მუდმივი პროცესია. შედეგებით ყველანი გულდაწყვეტილები ვართ, ალბათ, საკმარისს არ ვაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. კონცეტრაცია გვაკლია და ეს ზიანს გვაყენებს"
უკრაინა - საქართველო
ერთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, VI ტური
17 ნოემბერი, 23:45
კოშიჩეს მთავარი სტადიონი, სლოვაკეთი
მთავარი მსაჯი: მ.მატოშა (სლოვაკეთი)
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, ქოჩორაშვილი, იეგოიანი, გაგნიძე, ჩაკვეტაძე, კვერნაძე, მიქაუტაძე











