მერაბ დვალიშვილი ეწვია არიელ ჰელვანის შოუს, სადაც მან აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის თაობაზე დეტალურად ისაუბრა.
"აბუ-დაბიში ჭიდაობისთვის და კარგი დროის გასატარებლად ვიყავი ჩამოსული - წარმოდგენა არ მქონდა, წინ რა მელოდებოდა. როდესაც სასტუმროში მივედი, რამდენიმე ადამიანთან სურათი გადავიღე...იქ ბავშვები მელოდებოდნენ და მათთან სურათები გადავიღე. იქვე შემხვდა RAF-ის ოპერატორიც, რომელმაც ინტერვიუს ჩაწერა მთხოვა.
უნდა მელაპარაკა იმის თაობაზე, თუ როგორ მოვემზადე ჭიდაობისთვის და რა მოლოდინები მქონდა. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ყველას ნანახი გვაქვს. უსმანმა ჩემი პატივისცემა დაკარგა. ისინი დაღესტნის და ზოგადად ისლამის ცუდი წარმომადგენლები არიან. დანარჩენი 4 კაცი არც მაინტერესებს. ეს 2 ნამდვილი კაცები არ არიან, უბრალოდ ლაჩრები არიან.
როგორც ვიცი, ორივე ციხიდან დღეს გამოუშვეს. ინციდენტში უმარიც მონაწილეობდა, მოგვიანებით მოვიდა. აქამდე ვაპატიე, თუმცა მან ამით ყველაფერი გააფუჭა. მართალი ვარ...მაშინაც, ივლისში, საქართველოში მომხდარი პროვოკაციის დროს, 100%-ით მართალი ვიყავი და ახლაც. ღამე მშვიდად მძინავს, რადგან კაცი ვარ, გულწრფელად ვსაუბრობ და სწორად ვცხოვრობ.
რაც შეეხება აჰმედს - კი, ვიჩხუბეთ და მასთან ასევე მართალი ვიყავი. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ის ჩემს ქვეყანაში იყო, ყველა ჩემს მეგობარს მათ გუნდთან ჩხუბი უნდოდა, მაგრამ ყველაფერი კარგად მოვაგვარე. გამომიწვიეს და ისეთი რეაქცია მქონდა, როგორიც ნებისმიერ სხვა კაცს ექნებოდა.
მოგვიანებით, ნორმალური ადამიანივით ხელი ჩამოვართვი და ვაპატიე. ჩემსა და მას შორის ყველაფერი კარგადაა. ერთადერთი, მაშინ პროვოკაციის შედეგად, ჩხუბში, მისი ოჯახის წევრი გინებით ვახსენე, მაგრამ ქართულად ეს გინება ჩხუბში “გამარჯობასავითაა". რა თქმა უნდა, შემდეგ ვიდეო რომ ვნახე, ბოდიში მოვიხადე, რადგან ოჯახის წევრს შეურაცხყოფა მივაყენე.
კიდევ ერთხელ ვიტყვი - ჩემსა და აჰმედს შორის ყველაფერი მოგვარებულია. ახლა რასაც ამბობენ და ამ საქციელის გამო უბრალოდ ლაჩრები არიან. ჩხუბის შემდეგ მათი გათავისუფლება ვითხოვე, პოლიციაშიც გვთხოვდნენ, საჩივარი დაგვეწერა, მაგრამ უარი განვაცხადეთ. ახლაც არ მინდა, ციხეში ისხდნენ, მაგრამ ისევ ჩემს აზრზე ვრჩები: უსმანი და უმარი ცუდი ადამიანები არიან, დაღესტნის და ისლამის ცუდი წარმომადგენლები.
ინსტაგრამ სთორიში გადავაზიარე აჰმედის პოსტი და ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. შემდეგ, რადგან სამი საათი გასული იყო, ეს სთორი წავშალე - მედიამ და გვერდებმა ყველაფერი ნახეს, ამაზე სტატიებიც დაწერეს და საკმარისი იყო. რაში მჭირდება ეს პოსტი იქ რომ იყოს? მაგიტომაც წავშალე, რადგან უკვე რამდენიმე საათი გასული იყო.
გადავაზიარე ის, რაზეც თვითონ წერდა და რაზეც პრობლემა ჰქონდა. ადამიანურად ბოდიში მოვუხადე იმისთვის, რომ მისი ოჯახის წევრს შეურაცხყოფა მივაყენე. ჩხუბში ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მე ნორმალური კაცი ვარ და არ მინდა, ვინმეს დედას შეურაცხყოფა მივაყენო. მახაჩევი? თუ ჩემთან საუბარი გინდა, მოდი და მნახე...ან მე მოვალ და გნახავ.
ძმებთან შეხვედრის მოწყობა შეგვიძლია, იცი ვისაც ვგულისხმობ. ამ სიტუაციაში სწორი ვარ. აჰმედი ჩემთან მოვიდა, ხელი მომკიდა, უცხო ენაზე მიყვირა და ის რეაქცია მქონდა, რაც მქონდა. ამიტომაც ყველაფერი იქვე მოვაგვარეთ.ვინმეს დამატებითი კითხვა თუ აქვს...ჩვენ კავკასიელები ვართ, ძმები ვართ, ყველანი ერთმანეთს პატივს ვცემთ, კარგ ადამიანებს პატივს ვცემთ.
ჩვენ პროფესიონალი მებრძოლები ვართ. ჩვენ საუბარი შეგვიძლია. ცხოველები არ ვართ, ქუჩაში რომ ვიჩხუბოთ. როგორც პროფესიონალმა მებრძოლებმა გალიაში უნდა მოვაგვაროთ პრობლემები, ან ისე, როგორც კავკასიელ ხალხს შეეფერება, მაგრამ ის, თუ როგორ სცადეს ამ საკითხის მოგვარება უსმანმა და უმარმა, ეს არასწორი იყო. ორივემ ჩემი პატივისცემა დაკარგა და მაგიტომაც ორივე ლაჩარია", - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
















