აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი მაგდი ამაჩოვმაც გააკეთა. შეგახსენებთ, რომ წარსულში ის მერაბ დვალიშვილის გუნდის წევრი იყო. დაღესტნელ მებრძოლს ამერიკაში არც საცხოვრებელი ადგილი ჰქონდა და არც ფინანსები, ქართველმა სპორტსმენმა კი ის თავის სახლში შეიფარა.
რაღაც დროის გასვლის მერე ამაჩოვმა დატოვა "მანქანის" გუნდი და ნურმაგომედოვებს შეუერთდა. ის მოსამზადებელ ბანაკში ეხმარებოდა უმარს, როცა მას დვალიშვილთან ჰქონდა ჩხუბი. რაც შეეხება აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტს, მაგდიმ დაღესტნელთა მხარე დაიჭირა.
"სიტუაციას ვადევნებ თვალს და მხოლოდ ჰეითს ვხედავ. ეს ვიდეო ჩავწერე მათთვის, ვინც აზროვნებს გონებით და არა ემოციებით. ყველა აღშფოთდა მხოლოდ ახლა, მაგრამ არავის უნდა იმის გახსენება, თუ რა მოხდა საქართველოში, RAF-ის ივენთის წინ. დვალიშვილმა ხელი გაარტყა ჩვენს ერთ-ერთ ძმას, რომელიც საჭიდაოდ იყო ჩასული.
ამ ფაქტმა გული გვატკინა, დაღესტნელებს, მუსლიმებს, რადგან ჩვენი ძმა დაიჩაგრა. იმ ინციდენტის მერე მერაბს საერთოდ დავშორდი. ის სტუმრად ჩავიდა, ქართველმა კი თავის სახლში მას ხელი გაარტყა. აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტი? ჩვენი მხრიდან 20 კი არა 4 კაცი იყო...რატომ ატეხეთ ასეთი ამბავი?
ტურებსა და ვირთხებს უწოდებთ ხალხს, ვისაც საერთოდ არ იცნობთ. საქართველო და დაღესტანი როგორც ვიყავით ძმები, ისე ვართ ახლა - ერთიანი კავკასია ვართ. სანამ რამეს დაწერთ, კარგად დაფიქრდით. წარმოიდგინეთ თავი მათ მდგომარეობაში", - აცხადებს ამაჩოვი.















