დღეს გაიმართება კონფერენს ლიგის მთავარი ფაზის მესამე ტურის შეხვედრა იბერიასა და კოპენჰაგენს შორის.
მოგეხსენებათ, იბერიამ ევროტურნირებზე ორი შეხვედრა უკვე ჩაატარა, სტ.ტრუიდენთან სტუმრად დამარცხდა, შინ კი მიალბისთან ფრე ითამაშა.
რაც შეეხება კოპენჰაგენს, ერთ-ერთმა გამორჩეულმა დანიურმა კლუბმა ცვრენა ზვეზდასთან ფრე ითამაშა, შინ კი ბრაგა უშანსოდ, 3:0 დაამარცხა.
ზოგადადმ კოპენჰაგენი საკუთარ მოედანზე კარგი თამაშით გამოირჩევა, რაც ჩემპიონატშიც კარგად ჩანს. 13 ტურის შემდეგ კოპენჰაგენს 29 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა.
ზედიზედ მესამე ჩემპიონობისთვის იბრძვის იბერია. ეროვნული ლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, ლევან კორღალიძის გუნდი ლიდერ დინამო ბათუმს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი ანდრია ბართიშვილი ტრავმირებულია და იბერიას დიდი ხნით ვერ დაეხმარება.
ლევან კორღალიძე (იბერიას მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ კონფერენსლიგაზე დებიუტანტები ვართ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრებში მივიღებთ გამოცდილებას, თუ როგორ ვითამაშოთ მაღალი კლასის ევროპული ჩემპიონატების გუნდების წინააღმდეგ, როგორ ავყვეთ ამ ტემპს.ჩვენ ვმუშაობთ საიმისოდ, რომ იბერიას ფეხბურთელებს არ ჰქონდეთ წნეხი - გავიდნენ მოედანზე და ლაღად, თავისუფლად ითამაშონ. ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს და ჩვენი ვალია, ღირსეულად გამოვიდეთ".
გიორგი ჯინჯოლავა (იბერიას კაპიტანი): "მეორე შეხვედრა შედარებით უკეთესი იყო და ვთვლი, რომ უნდა მოგვეგო, მაგრამ ბოლო წუთზე დასანანი გოლი მივიღეთ. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. მიმაჩნია, რომ მატჩიდან მატჩამდე ფსიქოლოგიურად უკეთ ვართ და გუნდი პროგრესირებს.წინა ორ მატჩთან შედარებით, კოპენჰაგენთან უფრო რთულ შეხვედრას ველით. კარგი გუნდია, განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა აქაურ ატმოსფეროს და სტადიონს - ვიცით, რომ დიდი ხანია, საშინაო კედლებში თამაში არ წაუგიათ. ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, მატჩი ჩვენთვის დადებითი შედეგით დასრულდეს".
კოპენჰაგენი - იბერია
კონფერენს ლიგა, მესამე ტური
5 ნოემბერი, 23:59
Parken Stadium, კოპენჰაგენი
იბერიას სავარაუდო შემადგენლობა: მაკარიძე, ჯინჯოლავა, სემილოვიჩი, ამისულაშვილი, ქობულაძე, დადიანი, ქარდავა, სიხარულაშვილი, ნაჭყებია, კაფე, ძაგანია.











