24-30 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 15-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც FIFA-სთვის სადებიუტი ტურნირი იყო და მასში 189 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო, მათ შორის საქართველომაც.
გასაკვირი არაა, რომ ამ ტურნირის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა. მათ ფინალში ჩეხეთის ნაკრებს 3:0 სძლიეს.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ქართველმა ახალგაზრდებმა ჯგუფში 12 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე გავიდნენ. ჯამში 21 გოლი გაიტანეს და მხოლოდ პოლონეთს ჩამორჩნენ, შემდეგ ეტაპზე კი დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ.
ჩვენი ნაკრებიდან გამორჩეული ფეხბურთელი დანიელ ღურწკაია იყო, რომელიც ამ ტურნირის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი გოლის ავტორი საქართველოს ნაკრების მაისურით.
14 წლის ღურწკაია ქუთაისში დაიბადა, გადასვლა რუსეთში მოუწია და მოსკოვის დინამოს აკადემიაში ირიცხებოდა, თუმცა მისი მთავარი მოტივი ყოველთვის საქართველო და თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაში იყო.
"სანამ ჩემი საფეხბურთო ისტორია დაიწყებოდა, ტაეკვონდოზე დავდიოდი და, სიმართლე გითხრათ, კარგად გამომდიოდა. ფეხბურთის თამაში კი 6 წლის ასაკში დავიწყე. ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მამაჩემმა, რომელიც თავის დროზე თვითონაც ფეხბურთელი იყო. მას რომ ვუყურებდი, როგორი სიყვარულითა და აზარტით უყურებდა და ლაპარაკობდა ფეხბურთზე, მეც დავინტერესდი. ვუთხარი მამას, რომ მეც მინდოდა ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მან კი მაშინვე ფეხბურთზე შემიყვანა."

ფეხბურთის შეგრძნება ახალგაზრდული თვალით
"როდესაც საბავშვო ჩემპიონატი დაიწყო და ვიგრძენი გუნდის ერთობა, მოგების გემო და გულშემატკივრების ემოციები, მაშინ მივხვდი, რომ ფეხბურთის გარეშე ცხოვრება აღარ მინდა.
ალბათ ვიტყოდი, რომ ჩემი სტილია, ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლო და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ გუნდმა გაიმარჯვოს. ჩემთვის მთავარია ფეხბურთის თამაში, ამიტომ, რა პოზიციაც არ უნდა მანდონ, 100%-ით დავიხარჯები. ისე კი, უფრო ფლანგზე ვთამაშობ ხოლმე."
საფეხბურთო კუმირი
"განსაკუთრებული ინტერესით ვუყურებ და ვგულშემატკივრობ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ახლა ტრავმის გამო არ თამაშობს. ძალიან ველოდები მის გამოჯანმრთელებასა და მოედანზე დაბრუნებას, ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ფორმაში ჩადგომას. ასევე მომწონს დეზირე დუეს თამაშის სტილი. და არ შემიძლია, არ ვახსენო კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც თავის ასაკში ასეთ კარგ ფორმაშია - ძალიან შთამაგონებს მისი დისციპლინა და ფეხბურთის თამაშის სურვილი."

საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში
"წარმოუდგენელი სიხარული იყო. ჩემთვის დიდი სიამაყე, პატივი და ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა, წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა ასეთ დიდ ჩემპიონატზე. უღრმესი მადლობა მთელ სამწვრთნელო შტაბს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
ჩემი ემოციების სიტყვებით გადმოცემა რთულია. სიხარულით ვიყავი სავსე, რომ მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩვენს ნაკრებს გამარჯვება მოვუტანე. ეს გოლი და გამარჯვება მთელი ჩვენი გუნდის დამსახურებაა.
საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო გოლი ბერმუდას წინააღმდეგ გაიტანა, ერთადერთი გოლი ღურწკაიას ანგარიშზეა, შემდეგ იყო გამარჯვება ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების, ნამიბიისა დასან-ტომე და პრინსიპის წინააღმდეგ.

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის დიდი სიამაყე და პატივია საქართველოს ნაკრებში თამაში. მადლობა ღმერთს ამ შესაძლებლობისთვის! მე საქართველოში, ქალაქ ქუთაისში დავიბადე. რაც შეეხება არჩევანს, ჩემთვის ის თავიდანვე ცხადი იყო - ყოველთვის მინდოდა საქართველოს ნაკრების ღირსება დამეცვა."
სამომავლო მიზნები 14 წლის ასაკში
"წლებით ადრე რამის დაგეგმვა რთულია, ყველაფერი ღვთის ნებაა. რაც შეეხება კონკრეტულ კლუბს ან ჩემპიონატს, ძალიან მინდა, რომ საქართველოს ჩემპიონატი იმდენად გაძლიერდეს, რომ ევროპულ გუნდებს კონკურენცია გავუწიოთ. მაშინ ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებს საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევთ."














