გასულ კვირას, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო პროფესიონალურ ფეხბურთს დაუბრუნდა და იტალიის სერია C-ს წარმომადგენელ რავენას რიგებში ითამაშა, რასაც ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო გამოეხმაურა.
„მინდა, ერთი რამით დავიწყო: რონალდინიოს, როგორც ადამიანს და როგორც ფეხბურთელს, დიდ პატივს ვცემ. ჩემი აზრით, ის ისტორიაში ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორის რჩება, მესის, მარადონას, რონალდოსა და, ალბათ, პელეს გვერდით“, - განაცხადა იტალიელმა გადაცემაში Viva El Futbol.
რონალდინიო საფეხბურთო კლუბ რავენას მცირე წილის მფლობელია და მისი პრეზიდენტის, იგნაციო ჩიპრიანის პირადი მეგობარია. კასანომ ყურადღება სწორედ ამ ურთიერთობაზე გაამახვილა და ივარაუდა, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა ფინანსური მოტივიც ჰქონოდა.
„მაგრამ ის, რაც მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა, ძალიან, ძალიან უსიამოვნო სანახავი იყო. 46 წლის კაცს, ასეთ სიტუაციაში, რა უნდა გაეკეთებინა? ვერ გავიგე. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ჩიპრიანისთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. თანაც, მას, როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადეს. არ ვიცი... ჩემთვის ეს სასაცილო და აბსურდული სპექტაკლი იყო. სხვაგვარად ამას ვერაფრით ავხსნი“, - განაცხადა მან.
მილანის, რომასა და მადრიდის რეალის ყოფილმა თავდამსხმელმა ბრაზილიელის მიმართ იმედგაცრუებაც გამოხატა.
„მე ამას არ გავაკეთებდი მაშინაც კი, 10 მილიონი რომ შემოეთავაზებინათ. არც 20 მილიონად. გამიკვირდა, რადგან ის ყოველთვის თავმდაბალი ადამიანი იყო და ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. თუ კონკრეტულად მომხდარის შეფასებას მთხოვთ, ჩემთვის ეს სირცხვილი იყო“, - აღნიშნა კასანომ.












