მიმდინარე სეზონის ფროზინონეზე როცა ვსაუბრობთ, ყველა, რა თქმა უნდა, გიორგი კვერნაძის პერფორმანსსა და სათამაშო ფორმაზე ამახვილებს ყურადღებას. 23 წლის ქართველი ვინგერი საოცარ ფორმაშია და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
კვერნაძის ანგარიშზე 12 ჩატარებული მატჩია, რა დროშიც 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ამ სტატისტიკამ კი ბევრად დიდი კლუბების ყურადღება უკვე მიიქცია.
რომა, ნაპოლი, ატალანტა, ფიორენტინა, ფენერბაჰჩე, ჰალ სიტი, ევერტონი — შვიდივე კლუბის ინტერესი რეალური და დადასტურებულია. მეტიც, მათი წარმომადგენლები ფროზინონეს მატჩებსაც ესწრებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველის მიმართ ინტერესი საკმაოდ სერიოზულია.
შეგახსენებთ, გიორგი კვერნაძეს ფროზინონესთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. მის ხელშეკრულებაში კი გათვალისწინებულია გამოსასყიდი თანხა, €4 მილიონი, რომლის გააქტიურებაც მხოლოდ მომავალი ზაფხულიდან იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, ფროზინონე ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებასა და გამოსასყიდი თანხის შესახებ პუნქტის ამოღებაზე ან გაზრდაზე მუშაობს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რენცო კასტანინიმ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 23 წლის ფეხბურთელების გაყიდვას არ აპირებენ. თუმცა, ზემოხსენებული კლუბები საქმეში რჩებიან და დიდია შანსი, ფროზინონეს პოზიცია უახლოეს კვირებში შეიცვალოს.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, გიორგი კვერნაძის თაობაზე უფრო მეტი დაზუსტებული ინფორმაცია გახდება ცნობილი. მოსალოდნელია, რომ საქმეში სხვა კლუბებიც ჩაერთვებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ საკმაოდ საინტერესო იანვარი გველოდება.

















