ტოტენჰემის 25 წლის ფეხბურთელმა მიხაილო მუდრიკმა ბოლო ინტერვიუში დოპინგ სკანდალზე ისაუბრა.
"ყველაფერი უკრაინის ნაკრებში არსებულ გარემოსა და სიტუაციას უკავშირდება. ეს საერთოდ არ უნდა მომხდარიყო. მელდონიუმის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ეს ისეთი პრეპარატია, რომლის მიღებაც მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაშია შესაძლებელი. ის ჩემს ორგანიზმში მხოლოდ უკრაინაში შეიძლებოდა მოხვედრილიყო. ინგლისში ასეთი პრეპარატი არ არსებობს. როგორც ვიცი, ის გულის მუშაობას ასტიმულირებს და ფიზიკური დატვირთვის უკეთ გადატანაში გეხმარება.
ფეხბურთელმა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრეი შევჩენკოც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რთულ პერიოდში სათანადო მხარდაჭერა ვერ მიიღო.
"გულწრფელად გეტყვით, ისინი დახმარების იმიტაციას ქმნიდნენ. სინამდვილეში კი არავინ მეხმარებოდა. უფრო მეტ პრობლემას მიქმნიდნენ, ვიდრე აგვარებდნენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მხარდაჭერა, ზურგი გვაქციეს. მინდა, ყველამ გაიგოს, რომ საბოლოოდ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს“.
მუდრიკმა დისკვალიფიკაციის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იურიდიულ მომსახურებაში, ინდივიდუალურ ვარჯიშებსა და ფიზიოთერაპიაში მილიონობით ფუნტი დახარჯა. მიუხედავად იმისა, რომ ჩელსი ხელფასს უხდიდა, კლუბის ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა არ ჰქონდა.
"ეს ჩემთვის სრულიად მოულოდნელი დარტყმა იყო. ვერ ვიჯერებდი, რომ სიმართლე იყო. როდესაც ამდენ ფულს ხარჯავ კვების რაციონის კონტროლზე, ნუტრიციოლოგზე, პირად მზარეულზე და ყველაფერს აკონტროლებ, ყველაზე ნაკლებად სწორედ ამას ელოდები. საკუთარ კვებასა და ორგანიზმში მოხვედრილ თითოეულ ნივთიერებას ძალიან სერიოზულად ეკიდები“.
ფეხბურთელმა ისიც გაიხსენა, თუ როგორ იმოქმედა მასზე დისკვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღებამ.
"როდესაც ასეთ ამბავს გეუბნებიან, იქ ზიხარ, თითქოს უსმენ, მაგრამ სინამდვილეში არაფერი გესმის. გგონია, რომ სიზმარში ცათამბჯენიდან ვარდები. სიზმარში მიწაზე დაცემისას იღვიძებ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება. მე უბრალოდ ვარდნას ვაგრძელებდი. ამ ყველაფერმა ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ იმოქმედა ჩემზე“.












