ფრანგული პრესის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი შემტევის დამატებას სერიოზულად განიხილავს. ლუიშ კამპუშის სიაში რამდენიმე შემტევია და დღევანდელ სტატიაში იბრაჰიმ მაზას თაობაზე მოგიყვებით, რომელიც ლევერკუზენის ღირსებას იცავს.
როგორც ცნობილი ხდება, პარიზულ კლუბში მაზა ყველას ძალიან მოსწონს და მისი დამატება 2027 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განიხილებოდა. თუმცა, კვარაცხელიას ტრავმამ შეიძლება სიტუაცია შეცვალოს და კლუბმა მისი დამატება იანვარში სცადოს.

თავის მხრივ, ლევერკუზენი მაზას შენარჩუნებას გეგმავს. გერმანული კლუბი მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებასა და ხელფასის საგრძნობლად გაზრდას აპირებს. მიუხედავად პსჟ-ს ინტერესისა, ლევერკუზენი ყველაფერს გააკეთებს, რათა ალჟირელი შემტევი გუნდში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს.
ზემოხსენებული წყაროების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, პარი სენ-ჟერმენმა იანვარში საერთოდ არავინ დაიმატოს, რადგან ლუის ენრიკე არსებული შემადგენლობით კმაყოფილია. თუმცა, კამპუში სატრანსფერო ბაზარზე საინტერესო კადრებს ყურადღებით აკვირდება და შესაძლებელია, სიტუაცია დეკემბრის ბოლოს შეიცვალოს.















