აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის მერე ნურმაგომედოვების გუნდის წინააღმდეგ გაერთიანებულ არაბთა საამიეროების სასამართლომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: 6-თვიანი პატიმრობა + ჯარიმა, 300 000 დირჰამი, რაც 73 886 ევროს ექვივალენტია. ამის გარდა, დეპორტაცია საამიერობიდან, მას შემდეგ, რაც სასჯელის ვადა ამოიწურება.
გადის რამდენიმე დღე და დაღესტნელი მებრძოლები უკვე გათავისუფლებულები არიან. როგორ მოხდა ეს?მთავარ მიზეზად მხარეების შერიგება და მერაბ დვალიშვილის მხრიდან პრეტენზიების არარსებობა დასახელდა. კარგია ეს თუ ცუდი, მებრძოლთა წრეში და ზოგადადაც, ადამიანთა უმრავლესობა უარყოფითად ეკიდება კონფლიქტში პოლიციისა და ხელისუფლების ჩარევას.
რეპუტაციულადაც კი ყოფილი ქართველი ჩემპიონი სპორტული სამყაროს თვალში ახლა უბრალოდ იდეალურად გამოიყურება - ჩხუბში არ შეშინებულა, თავდამსხმელებისთვის კი შეწყალება ითხოვა, მაგრამ მისი მიტევება არ მოდის თანხვედრაში ბრალდების მთავარ მოტივაციასთან. თუ ვიტყვით, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში უფრო მეტად ტურისტული რეგიონის იმიჯზე დარდობდა, გამოდის, რომ სასტუმროში უშედეგოდ ჩხუბი შესაძლებელია, თუ მხარეებს შემდეგ ერთმანეთთან პრეტენზიები არ აქვთ.
ცენტრალური ფიგურები, ვის გამოც რუსი მებრძოლები გათავისუფლდნენ არიან ხაბიბ ნურმაგომედოვი და ალი აბდელაზიზი, რომელთა კავშირებითა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების მთავრობასთან მოლაპარაკებებმა სასჯელი შეარბილა. შედეგად, ზემოაღნიშნული სანქციები შეიცვალა მხოლოდ ჯარიმით, თანაც არა 300 000, არამედ 150 000 დირჰამით.
ეს ყველაფერი რომ გაეკეთებინათ უბრალო, არა ცნობად ტურისტებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება არ წავიდოდა დათმობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შერეული საბრძოლო ხელოვნებათა ვარსკვლავებთან, რომლებიც საამიროებისთვის პრემიუმ კლასის გასართობს წარმოადგენენ.
















