ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პოზიციები UFC-ში შეირყა - მერაბ დვალიშვილი დამარცხდა პიოტრ იანთან საჩემპიონო ბრძოლაში, ილია თოფურია კი ასევე ქამარზე თეთრ სახლში ჯასტინ გეიჯისთან, რითაც კარიერაში პირველი წაგება მიითვალა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში ჩემპიონი აღარ გვყავს.
ბოლოს მსგავსი რამ იყო 2024 წლის იანვარში, მომავალი ქართველი ჩემპიონისა და ალექსანდერ ვოლკანოვსკის ბრძოლამდე. მდგომარეობა კიდევ უფრო სამწუხარო "მანქანის" რუს მებრძოლთან მე-2 მარცხმა გახადა. 61 კილოგრამ დივიზიონის ქამრის ექს-მფლობელმა გადაინაცვლა უკანა პლანზე, წინ კი ქონთენდერობისკენ მიმავალ გზაზე შონ ო'მალი და სონგ იადონგი გაუშვა.

მოლოდინის რეჟიმშია "ელ მატადორიც" და ეს პირველ რიგში მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალი ამერიკელი ჩემპიონის ბრალია. ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება "ჰაილაითის" ქამბექი და საერთოდაც, შედგება?! ფაქტია, ის არ ჩქარობს გალიაში დაბრუნებას, მითუმეტეს, 29 წლის მებრძოლთან მე-2 ჩხუბისთვის.
ერთ კალენდარულ წელიწადში თოფურიასა და პედი პიმბლეტის დამარცხებით, 38 წლის ჩემპიონი ისვენებს, თანაც არც კარიერის დასრულებას გამორიცხავს. მართალია, ქართველ მებრძოლთან მე-2 ჩხუბზე საუბრები რეალურად მიდის, მაგრამ გეიჯის აგენტი, ალი აბდელაზიზი თავის კლიენტს ამ ყველაფერს მაქსიმალურად არიდებს.

ეგვიპტელი მენეჯერის აზრით, რემატჩი გამორიცხულია. მის გარდა, ამერიკელ ჩემპიონსა და ილიას შორის დგას კიდევ ორი პიროვნება - ვოლკანოვსკი და არმან ცარუკიანი. 1-ელთან ჩხუბი გრანდიოზულ გაცილებასავით განიხილება, როგორც 66 კილოგრამ დივიზიონის ქამრის ავსტრალიელი მფლობელისთვის, ისე ჯასტინისთვისაც.
დიახ, არის საუბრები იმის შესახებ, რომ ამ ბრძოლის გამართვის შემთხვევაში, დამარცხებული კარიერას დაასრულებს. რაც შეეხება მსუბუქი დივიზიონის სომეხ მე-2 ნომერს, "მატადორის" წაგების შემდეგ, მთავარ ქონთენდერად სწორედ ის იქცა. ერთი სიტყვით, ჯერჯერობით ბუნდოვანია, როდის ვიხილავთ ქამარზე ჩხუბში როგორც დვალიშვილს, ისე თოფურიასაც.

სანამ ყოფილი ქართველი ჩემპიონები დგანან რიგში, წესრიგის დასამყარებლად და ჩვენი ქვეყნის პოზიციების გასამყარებლად ოქტაგონში ალექსანდრე თოფურია შევა. მის გამოჩენამდე, 2026-ში საქართველო უკვე ასახელეს ლევან ჩოხელმა და ოთარ თანზილოვმა, წლის მე-3 მოგებისთვის კი როგორც აღვნიშნეთ, "კონკისტადორი" გვამზადებს.
გამარჯვება, რომელიც გვჭირდება ჰაერივით, იმის გათვალისწინებით, რომ 2026 წელს საქართველოს მხრიდან მხოლოდ ხსენებულმა ჩოხელმა და თანზილოვმა მოიგეს. მერაბისა და ილიას მარცხს დაემატა გიგა ჭიკაძისა და რომან დოლიძის წაგებებიც, რითაც 2026 წელი ნამდვილ იმედგაცრუებად იქცა.

ყველაფერი 30 წლის მებრძოლის ხელშია - წარმატება, როგორც თოფურიების გვარისთვის გამარჯვების დასაბრუნებლად, აგრეთვე სუპერმსუბუქ დივიზიონში ქართველთა პოზიციების გასამყარებლად. ალექსანდრეს გამარჯვება ახლა და ლევანის მოგება ისლამ დულატოვთან დეკემბერში, უმძიმესი წლის მაინც მაჟორულ ნოტაზე დასრულების საფუძველი იქნება.
ზემოაღნიშნულ ფაქტორებს რომ დავანებოთ თავი, ეს გამარჯვება პირველ რიგში პირადად უფროს თოფურიას სჭირდება. UFC-ისთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა ჩაატარა მხოლოდ 2 ჩხუბი...ძალიან ცოტაა, იმის გათვალისწინებით, თუ რა შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი დაიმატა მსოფლიოს მთავარმა პრომოუშენმა მისი სახით.

ამის გარდა, "ელ კონკისტადორი" არც აქტიური მედიური ცხოვრებით გამოირჩევა და არც ხმამაღალი განცხადებებით, შესაბამისად, რეიტინგულ მებრძოლებს შორის ის მოწინავე პოზიციებზე არაა. 30 წლის სპორტსმენი ნელი ნაბიჯებით მიიწევს მწვერვალისკენ და მისი ერთადერთი იარაღია არა სახალისო ვიდეოები ან პროვოკაციები, არამედ ჩხუბი.
ბეზკატ ალმახანსა და კოლბი თიქნესთან დაპირისპირებებში თოფურიამ დატოვა იდეალური მებრძოლის შთაბეჭდილება, ამ ყველაფრის განსამტკიცებლად შემდეგი საფეხური სანტიაგო ლუნასთან ჩხუბია. რა უნდა ვიცოდეთ ქართველი მებრძოლის მოწინააღმდეგეზე, რომელიც მას ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ იწვევდა?

"UFC-იმ თოფურიას ჩემთან ბრძოლა შესთავაზა. ეს უნდა მომხდარიყო ნიუ ჯერსიში, 328-ე ივენთზე, თუმცა მან ჩემთან ჩხუბზე უარი განაცხადა. ალექსანდრე, ვერ გამექცევი, სექტემბერში მაინც დაგიჭერ!", -აცხადებდა მექსიკელი მებრძოლი მიმდინარე წლის აპრილში. ის გულისხმობს ღონისძიებას, რომელზეც შონ სტრიკლენდმა ხამზატ ჩიმაევს მოუგო.
იმის შემდეგ, ქართველი მებრძოლის პოტენციური მეტოქეების სიაში ფიგურირებდნენ ბრაის მიტჩელი და ეთან იუინგი, თუმცა როგორც ვხედავთ, საბოლოო არჩევანი მაინც "ბორდერ ბოიზე" შეჩერდა. საინტერესოა, რომ "კონკისტადორის" გამოძახების მომენტისთვის ის იყო წაუგებელი, 8/8 მოგება ჯამში.
22 წლის მებრძოლის გამარჯვებების სერია შეწყდა ივნისში, როდესაც ის საბმიშენით მიტჩელთან დამარცხდა. რაც შეეხება მის წინა ბრძოლებს, სამი ჩხუბი ლუნამ მოიგო ნიკაუტით, ოთხი - მტკივნეულით, ერთი კი მსაჯთა გადაწყვეტილებით. 61 კილოგრამ დივიზიონის ტოპ 15-ში ჯერჯერობით არც 30 წლის მებრძოლია და არც მისი მექსიკელი მოწინააღმდეგე, მაგრამ ცვლილებებს აღნიშნული ჩხუბის შემდეგ უნდა ველოდოთ.
თოფურია უფროსი მწვრთნელის რანგში უკვე გახდა UFC-ის ჩემპიონი, თანაც ორი წონითი დივიზიონის და ეს იყო ურთულესი გზა, რომელიც მან "მატადორთან" ერთად გაიარა. 21 ნოემბერს ისინი გაცვლიან პოზიციებს: კუთხეში იდგება უმცროსი ძმა, გალიაში კი შეაბიჯებს ალექსანდრე, მიყოლებით მე-3 მოგებისთვის.

წარმოვიდგინოთ ქართველი მებრძოლისა და სანტიაგოს დაპირისპირების შესაძლო სცენარი, პირველი - თუ ჩხუბი დგომში, დარტყმების გაცვლით წარიმართა, უპირატესობა მკვეთრად ჩვენი მებრძოლის მხარეს გადადის. "კონკისტადორის" კრივი უფრო დახვეწილია, დარტყმები კი სიზუსტით გამორჩეული და მძიმე.
თუ 30 წლის მებრძოლმა მოახერხა ოქტაგონის ცენტრის დაკავება და "ბორდერ ბოის" ბადესთან მიმწყვდევა, დიდია შანსი, რომ ნოკაუტით გაიმარჯვოს. მე-2 სცენარი: ჭიდაობა და აქ ლუნას შანსები იზრდება, თუ შეძლო თოფურიას კლინჩში მიმწყვდევა ან პარტერში გადაყვანა, მაგრამ რამდენად რეალურია აღნიშნული რამ?
ქართველი მებრძოლის მომზადების დონისა და ჭიდაობის უნარების გათვალისწინებით, მექსიკელი მეტოქისთვის თექდაუნების შესრულება და პარტერში კონტროლის შენარჩუნება საკმაოდ რთული ამოცანა იქნება. პროგნოზი: ალექსანდრეს მოგება გადაწყვეტილებით ან ნოკაუტით, რომელსაც მისგან ასე ველით.
"ელ კონკისტადორის" შესაძლებლობებსა და ზოგადად შანსებზე La Gazzetta Dello Sport Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა ილიამ, ვინც უფროსი ძმის ჩემპიონობაში დარწმუნებულია: "ჩემი ძმისნაირ ტექნიკურ და მისი მონაცემების მქონე მებრძოლთან არასდროს მივარჯიშია და ამას არ ვამბობ იმის გამო, რომ ჩემი ძმა არის.
შეიძლება, ამას მისგან იმიტომ ვგრძნობდი, რომ ძმები ვართ და ზედმეტად კარგად მიცნობს, იცის ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეები და ამას, რა თქმა უნდა, ვარჯიშისა და სპარინგის დროს იყენებს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდება", - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა, რომელიც 21 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე ძმის გვერდით იქნება.
ივენთი დაიწყება ჩვენი დროით 19:00 საათიდან, თოფურიასა და სანტიაგოს ბრძოლა იქნება რიგით მეექვსე - დაპირისპირება, რომელიც დახურავს პრელიმს, რის შემდეგაც მეინ ქარდი დაიწყება. Fight Night-ის ფორმატის მიუხედავად, ღონისძიებაში მონაწილეობას არაერთი ცნობილი მებრძოლი მიიღებს.
ქართველებისთვის დიდ ყურადღებას იწვევს ალჯემეინ სტერლინგისა და კევინ ვალეხოსის ბრძოლა - ერთ მხარეს არის დვალიშვილის მეგობარი, მეორე მხარეს კი მსოფლიოს მთავარი პრომოუშენის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი, რომელმაც ახლო წარსულში ჭიკაძეს მოუგო. რაც შეეხება მთავარ ჩხუბს, ირჟი პროხაზკა წაუგებელ ნავახო სტირლინგს დაუპირისპირდება.

















