2027 წლის მარტში გაიმართება ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები და როგორც ევროპულ პრესაში იწერება, ჯანი ინფანტინოს მეტოქედ უეფა დევიდ ბექჰემს ამზადებს. მის კანდიდატურას უკვე დაუჭირა მხარი გერმანიის საფეხბურთო კავშირმა, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ახალი პრეზიდენტის საჭიროება ახლა ისეა, როგორც არასდროს.
ინგლისელი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად წარმატებული ბიზნესმენი არის სპორტში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება, რაც არჩევნებში სერიოზულ იარაღს წარმოადგენს. მადრიდის რეალის ყოფილ შუახაზელს უკვე აქვს მმართველობის გამოცდილება და თუ როგორ ავითარებს ის ინტერ მაიამის პროექტს, საფეხბურთო წრეებში დადებითადაა შეფასებული.
ინგლისის ნაკრების ყოფილი შვიდიანი თავადაც პერიოდულად აკრიტიკებდა ფიფას იმ კორუფციული სკანდალების გამო, რაც წარსულში ხდებოდა. 51 წლის ექს-ფეხბურთელი ისედაცაა სპორტში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პიროვნება და პრეზიდენტობის შემთხვევაში მას ფულადი მაქინაციების მოფიქრების საჭიროება უბრალოდ არ ექნება.
თავად განსაჯეთ - რაში სჭირდება კორუქცია ბექჰემს, ვისი კაპიტალიც 1.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული? ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა ის ფაქტი, რომ უეფას მხრიდან შერჩეული კანდიდატი აუცილებლად იქნება ინგლისელი ექს-ფეხბურთელი, მაგრამ მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს.











