ოფიციალურად: მილანმა და ინტერმა ახალი სტადიონის პროექტი წარადგინეს, რომელიც ლეგენდარულ სან სიროს ჩაანაცვლებს. იტალიური მედიის ცნობით, ახალ არენას Generali Stadium ერქმევა. ახალი სტადიონის სახელის დარქმევის უფლება სადაზღვევო სფეროს გიგანტმა კომპანიამ მოიპოვა. Generali Stadium სან სიროს ტერიტორიაზე აშენდება და მისი პროექტის განხორციელება დაახლოებით 2 მილიარდი ევრო დაჯდება.
ახალი არენა 71 500 მაყურებელზე იქნება გათვლილი. პროექტზე ცნობილი არქიტექტორის, ნორმან ფოსტერის გუნდმა იმუშავა. კლუბების მიზანია, თანამედროვე სტადიონი შექმნან, რომელიც გულშემატკივრებს უკეთეს პირობებს შესთავაზებს და ორივე გუნდისთვის შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობას შექმნის.
ახალი სტადიონი ოვალური ფორმის იქნება და ორ იარუსს გააერთიანებს. ტრიბუნები 37 გრადუსით დახრილი იქნება და დორტმუნდის ცნობილი "ყვითელი კედლით" შთაგონებულ დიზაინს მიიღებს. არენას ფერადი LED ფასადი ექნება, რომელიც მილანის მატჩების დროს წითლად, ხოლო ინტერის შეხვედრებისას ლურჯად განათდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს დიდ ეკრანებს, თანამედროვე რესტორნებს, ლიფტებსა და სტადიონის ქვეშ პარკინგს. გულშემატკივრებს მოთამაშეების მოედანზე გასვლის წინ ხილვის შესაძლებლობაც ექნებათ, ხმის იზოლაციის გასაუმჯობესებლად კი დაახლოებით 100 მილიონი ევროს ინვესტიცია იგეგმება.
პროექტის წარდგენას ინტერის გულშემატკივრების პროტესტი ახლდა თან. ტიფოზები სან სიროს დანგრევას ეწინააღმდეგებიან და ისტორიული სტადიონის შენარჩუნებას ითხოვენ. მიუხედავად ამისა, ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყება 2027 წლის მეორე ნახევარში იგეგმება და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, Generali Stadium 2031 წელს გაიხსნება.











