დადასტურებულად - ინტერს მარკუს ტურამის შენარჩუნება სურს და ფრანგ ფორვარდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. თავად ფეხბურთელიც განიხილავს მილანურ კლუბში დარჩენის შესაძლებლობას, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ შემდგარა.
ტურამი ამჟამად სეზონში €6.5 მილიონს (ბონუსების ჩათვლით) გამოიმუშავებს. ინტერი ახალი კონტრაქტის ფარგლებში ფიქსირებული ხელფასის შემცირებას გეგმავს და ფეხბურთელს სეზონში €4.5-5 მილიონს, ინდივიდუალურ და გუნდურ მიღწევებზე დამოკიდებულ ბონუსებთან ერთად, სთავაზობს. ჯერჯერობით ეს წინადადება ტურამის დარწმუნებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ფრანგი თავდამსხმელი ხელფასის შემცირებისთვის მზად არ არის, ამიტომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
29 წლის ფორვარდის სიტუაციას რამდენიმე ტოპ კლუბი ყურადღებით აკვირდება. თუმცა, ტურამის იანვარში ინტერის დატოვების არანაირი შანსი არ არსებობს.
შეგახსენებთ, ფრანგ ფეხბურთელს "ნერაძურისთან“ არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, ინტერს სურს, მხარეებმა ახალი ხელშეკრულების საკითხი რაც შეიძლება მალე გადაწყვიტონ.

















