ქართული MMA-ს ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, ვინც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ჩხუბობდა შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში - ლევან ლაგვილავა. La Gazzetta Dello Sport Georgia გაესაუბრა ვეტერან მებრძოლსა და მის შვილს, ლევან ლაგვილავა უმცროსს, რომელიც მამის გზას ღირსეულად აგრძელებს.
- ხართ ქართული MMA-ს ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, ვინც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში იბრძოდა. როგორი იყო იმდროინდელი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნება?
- მე ვარ 1990-იანი წლების მებრძოლი - როდესაც საქართველოში გაიხსნა "ოქტაგონი", მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩაეწერა და გამოვიდა ამ ბრძოლებზე. ბავშვობიდან მაინტერესებდა შერეული ორთაბრძოლა...იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ეს სპორტი, მაგრამ ხშირად მხვდებოდა ძველ ფილმებში, მაგალითად იყო ერთ-ერთი ასეთი "ჩხუბი გალიაში".
- მოგვიანებით სხვა ფილმებიც იყო. ბავშვობიდან დავიწყე თავისუფალი ჭიდაობით, მერე იყო კიოკუშინკაი კარატე, კრივი და სხვადასხვა ორთაბრძოლები. თბილისში რომ გაიხსნა "ოქტაგონი", იქ პატიჟებდნენ სხვადასხვა სპორტსმენებს და მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, რომელიც ჩაეწერა.

-იმ დროს MMA-ში ვარჯიში იყო ერთი საქმე და ცალკე საქმე მენეჯერებსა და პრომოუშენებზე გასვლა. როგორ მიიღეთ მონაწილეობა ბრძოლებში, რომელიც იმართებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ?
- იმ დროს არც პრომოუშენი იყო და არც მენეჯერები იყვნენ - ყველაფერს თვითონ ორგანიზატორები აკეთებდნენ. ეძახდნენ მებრძოლებს, ჯერ ტესტავდნენ სხვადასხვა ვარჯიშებით...თუ მოეწონებოდათ, უშვებდნენ ბრძოლაზე. ამ ყველაფრის შემდეგ ჩამოყალიბდა ე.წ. ნაკრები, იმ ბიჭებისგან, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ბრძოლებში მონაწილეობის მიღება უკვე პროფესიონალურ დონეზე.
- ამ შეკრებილი გუნდით, დაახლოებით 10-მდე მებრძოლი "ოქტაგონის" ორგანიზატორებმა უკრაინაში გამართულ ტურნირზე წაგვიყვანეს. ჩვენ მაშინ ვთანამშრომლობდით UFC-ის ძველ ორგანიზატორებთან, სანამ დანა უაითი იყიდდა პრომოუშენს, მათთან, ვისიც იყო. წესებიც ზუსტად იგივე გვქონდა, რაც იქ იყო.
- ოქტაგონიც იმიტომ ერქვა, რომ ჩვენც ისეთივე რვაკუთხედი გვქონდა, როგორც UFC-ის. ამის გარდა, სხვა ყველა კრიტერიუმსაც ვიცავდით. როგორც ვთქვი, პირველი გასვლითი ტურნირი გვქონდა უკრაინაში, "ოქტაგონმა" ის ჩვენთან ერთად გააკეთა.

-თქვენ იყავით პირველი მეტოქე ფიოდორ ემელიანენკოს კარიერაში. მასთან ბრძოლის რა დეტალებს გაიხსენებთ?
- მე ვიყავი პირველი, ვისთანაც ფიოდორმა გამართა პროფესიონალური ბრძოლა. რაც შეეხება დეტალებს, მე ბრძოლისთვის არ ვიყავი მზად, რადგან სანამ ემელიანენკოს შევხვდებოდი, წავედი სხვა ტურნირზე, რომლის 1/2 ფინალში მივიღე თავის ტრავმა, რადგან მოწინააღმდეგემ აკრძალული ილეთი გამოიყენა.
- მეტოქე მოხსნეს, გავედი ფინალში, სადაც გავიმარჯვე. ექიმებმა ექვსი თვით ამიკრძალეს ბრძოლა, თუმცა ჩემი კონტრაქტი ითვალისწინებდა ფიოდორთან ჩხუბს, რომელიც იყო ორთვენახევარში. მომიწია მასთან ბრძოლაზე გასვლა, ვიყავი მოუმზადებელი, არ მივარჯიშია, რამდენიმე დღეს თუ არ ჩავთვლით.
- ასეთ ფორმაში შევხვდი ემელიანენკოსთან ჩხუბს. ბრძოლა გაგრძელდა დაახლოებით რვა წუთი, მქონდა გამარჯვების შანსიც, ერთ მომენტში მისი ყელი მეკავა, ეს ვიდეოშიც ჩანს. ვჩხუბობდით ასეთი წესებით: როცა მებრძოლი მიაწვებოდა რინგს, ჩხუბი ჩერდებოდა, რომელიც შემდეგ გრძელდებოდა იგივე პოზიციაში, მაგრამ სამწუხაროდ, მსაჯმა იგივე პოზიციაში არ დამაყენა.
- ამ ყველაფრის მერე ფსიქოლოგიურადაც გავტყდი, თუმცა ფიოდორი ისედაც იყო ძლიერი მეტოქე, მე კი მოუმზადებელი, პლიუს მსაჯიც მას ეხმარებოდა. წავაგე, მაგრამ ეს ჩხუბი გახდა ჩემი სავიზიტო ბარათი. არავის სჯეროდა, რომ ემელიანენკოსთან ვიბრძოლე 8 წუთი, სანამ ვიდეოს არ ნახავდნენ.
- სხვადასხვა ვებგვერდების სტატისტიკაზე დაყრდნობით, აღმოვაჩენთ, ფიოდორის შემდეგ აღარ გიჩხუბიათ. თუ ეს სიმართლეა, რა გახდა სპორტიდან წასვლის მიზეზი და რას საქმიანობდით შემდგომში?
- ყველა ბრძოლაზე ზუსტი ინფორმაცია არ მოიპოვება, რადგან იმ დროს სტატისტიკის შედგენა არ მიმდინარეობდა. ფიოდორის მერე ჩავატარე კიდევ რამდენიმე ჩხუბი, ასევე პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. იქამდე, მქონდა რუსულ პრომოუშენში პროფესიონალური ბრძოლები, რომელიც ღამის კლუბებში ტარდებოდა.
- მქონდა რამდენიმე ჩხუბი, დამარცხებული მყავს ვიაჩესლავ დაციკი, თუმცა ეს ბრძოლები სტატისტიკაში არ არის. სპორტიდან წასვლა? ამის გაკეთება ტრავმის გამო მიმიწია. კისრის დისკები მქონდა დამტრვეული, რის გამოც კარიერა დავასრულე. ვიმკურნალე და შემდეგ როგორც მწვრთნელი დავბრუნდი.
- საფრანგეთის ქალაქ კოლმარში გავხსენი ჭიდაობის სექცია, მერე უკვე კლუბიც, სადაც MMA-ს ვარჯიშებსაც ვატარებდი. ამ საქმეში ახლაც ვარ, როგორც კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი. კლუბში 350-მდე წევრია, არიან როგორც მებრძოლები, ისე, მოჭიდავეებიც. ყველაზე ტიტულოვანი მათ შორის ლევანია, ჩემი უფროსი შვილი.
- ლევანს აქვს მედლები თავისუფალ ჭიდაობაში, ასევე ის გახდა MMA-ს მსოფლიო ჩემპიონი მოყვარულებს შორის - ეს არის ჩემი სამწვრთნელო კარიერის შედეგები. ლევანი ვარჯიშობს ბავშვობიდან, ისევე როგორც ჩემი უმცროსი შვილი ლუკა. მყავს სხვა შედეგიანი მოსწავლეებიც. ეს არის ჩემი საქმე.

- რას იტყვით თანამედროვე MMA-ზე, როგორც საქართველოში, ისე, ზოგადადაც?
- თანამედროვე MMA, როგორც საქართველოში, ისე, ზოგადად - უფრო დაიხვეწა. სპორტული სახე მიეცა, თორემ ადრე ოქტაგონში ბევრად მეტის უფლება გვქონდა. თავის დარტყმა, საზარდულში დარტყმა, თმების მოქაჩვა, ნათხემის დაზიანება, ჩხუბები მიმდინარეობდა ხელთათმანების გარეშე...შეზღუდვა არ იყო.
- ეს ყველაფერი ქუჩის ჩხუბს უფრო ჰგავდა, ვიდრე სპორტს. დაერქვა "ბრძოლა წესების გარეშე", რომელსაც ჰქონდა ასეთი სლოგანი: "ერთადერთი წესი - არ არის წესი". დღეს, ეს უკვე სპორტია. მომწონს ახალი თაობა, ცდილობენ პროფესიონალურ დონეზე მომზადებას. ჩემს დროს ნორმალური არც საჭმელი იყო, არც სასმელი, ცხადია არც მომზადება.
- ომის შემდგომი პერიოდი იყო და ვცდილობდით რაღაცისთვის მაინც მიგვეღწია, თუნდაც ჯანმრთელობის ფასად. კვება რომ არ იყო, ამიტომაც ვარ ასეთი დამტვრეული, მაგრამ მაინც დავრჩი. სხვებმა ვეღარ შეძლეს გაგრძელება ტრავმების გამო...მეც კი მაქვს დაზიანებები, მაგრამ ვცდილობ ბიჭების მომზადებას.
- დღევანდელ თაობას არ ვუსურვებ იმ პირობებში ყოფნას, რომელშიც ჩვენ ვიყავით. თუ გინდა უმაღლესი დონისთვის მიღწევა, პირობები უნდა შეუქმნა. მომწონს, რა სიტუაციაცაა საქართველოში, შეგვიძლია ვიყოთ MMA-ს ცენტრი, მითუმეტეს თუ იმ დროს შევძელით რაღაც, ახლა ხომ უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლება.

- გადავინაცვლოთ ლევან ლაგვილავა უმცროსთან - მოგვიყევი შენს მიღწევებზე...
- მამაჩემმა თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიში დამაწყებინა ორი თუ სამი წლის რომ ვიყავი, პირველი შეჯიბრში კი ოთხი წლის ასაკში გავიმარჯვე, რომელშიც ჩემზე ასაკით უფროს ბავშვებთან ვჭიდაობდი. იმის მერე 18-19 წლამდე ვიჭიდავე, მაქვს უამრავი ოქროს მედალი, ვარ 11-გზის საფრანგეთის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონიც კადეტთა შორის.
- ასევე მაქვს სხვა არაერთი ჯილდო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ბავშვობიდან ვჭიდაობდი, თუმცა გონებაში ყოველთვის MMA მქონდა. როგორც მამაჩემი იყო MMA-ს მებრძოლი, ისე მინდა მეც. ვიცოდი, რომ ერთ დღეს გადავიდოდი ამ სპორტში, ამიტომ, მამაჩემი მამზადებდა გრეპლინგში, კრივში, ჭიდაობაში, კიოკუშინკაი კარატეში.

- 2025 წლის აგვისტოში გადავედი MMA-ზე სრულფასოვნად და გავხდი მსოფლიო ჩემპიონიც, ოღონდ 20-წლამდელებს შორის. მოგვიანებით ჩავატარე ერთი ჩხუბი ფრანგულ პრომოუშენში და მზადება დავიწყე საქართველოს სახელით კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლისთვის. მივედი ფინალამდე, მაგრამ იქ წავაგე.
- ოქროს მედალს ელოდებოდნენ ჩემგან, მეც მეტის მოლოდინი მქონდა, თუმცა ეს იყო ჩემი პირველი ტურნირი MMA-ში, თანაც სუნთქვის პრობლემები შემექმნა. ცხვირი მაწუხებდა ბავშვობიდან, ამიტომაც გავიკეთე ოპერაცია ცოტა ხნის წინ. ფინალშიც პრობლემები სწორედ კარდიოზე მქონდა.

- MMA-ს ყოფილი მებრძოლი მამის როლი შენს კარიერასა და ცხოვრებაში...
- ყველას ჰყავს თავისი საყვარელი მებრძოლი თუ გმირი, ჩემთვის ასეთი ყოველთვის მამაჩემი იყო - მაგალითი და მოტივაციის მომცემი. მასთან ერთად უფრო მარტივი იყო იმაზე ფიქრი, თუ როგორ მსურდა ჩხუბი. ჩემი სამაგალითო ადამიანი ყოველდღე ჩემს გვერდით იყო. საოცრებაა, იმდენი რამ გამოიარა ცხოვრებაში.
- ძალიან ბევრი იცის და მეც ვცდილობ მისგან მაქსიმალურად მეტი ვისწავლო. მინდა იგივე გავიმეორო და ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, მეტი შევქმნა. საფრანგეთში დავიბადე და იქ მამაჩემმა შემიქმნა ისეთი პირობები, რომ სპორტში შევძლო პოტენციალის სრულად ჩვენება და სასურველი შედეგის მიღწევა.

- როგორია შენი სამომავლო გეგმები?
- ოპერაციამ თუ არ შემიშალა ხელი, მინდა, რომ საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდე. ტურნირი გაიმართება მომავალი წლის თებერვალში, სერბეთში და თუ შევძელი მონაწილეობა, აუცილებლად უნდა მოვიგო. მოწინააღმდეგედ მინდა ის რუსი, რომელთანაც ფინალში წავაგე...რემატჩი გამომივა.
- მინდა ვაჩვენო, რომ არ არის ჩემზე უკეთესი მებრძოლი და ის მარცხი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ბრალი იყო. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მინდა კიდევ რამდენიმე ჩხუბი ჩავატარო მოყვარულებში, საქართველოშიც, საფრანგეთშიც, ბევრი ბრძოლა უნდა დავაგროვო, სანამ მოყვარულებში ვარ, იქამდე, სანამ პროფესიონალურ MMA-ში გადავალ.

- ალბათ როგორც ყველა მებრძოლს UFC-ზე შენც გიფიქრია...როგორ შეაფასებდი მომავალში მანდ მოხვედრის შანსებს?
- დიახ, UFC-ში მოხვედრა მთავარი მიზანია, თუმცა ჩემპიონობას არ ვუყურებ როგორც ოცნებას - ვიცი, რომ ერთ დღეს ჩემპიონი აუცილებლად გავხდები. ახლა ყურადღებას იმას უფრო ვაქცევ, თუ როგორ მივიდე ამ მიზნამდე. ზოგი ფიქრობს, თუ რას იზამს როცა იქ მოხვდება, მაგრამ ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია დღეს რას ვიზამ.
- ყოველდღიურ პროგრესზე ვფიქრობ. მჯერა საკუთარი თავის და ჩემპიონობისაც. მამაჩემმა ასე გამზარდა და ასეთი მენტალიტეტი მაქვს. მთავარია არ შემექმნას ისეთი პრობლემები, როგორც 2024-ში, როცა ჯვარედინი მყესების ტრავმა მივიღე, რის გამოც 1 წელი დავკარგე. ამის მიუხედავად, არ დავნებდი და ვარჯიში გავაგრძელე.
- არც ამ ტრავმის და არც ფინალში მარცხის მერე ჩემში არაფერი შეცვლილა. 21 წლის ვარ, 18 წელია ვვარჯიშობ, 5-6 წელში ჩემს თავს ტოპ მებრძოლებს შორის ვხედავ. მთავარია, ყველაფერი მოხდეს ისე, როგორც დავგეგმეთ და რომც არ მოხდეს, სხვა გზასაც ვიპოვით. როცა ადამიანი მიდის თავისი მიზნისკენ და არ ნებდება, აუცილებლად მიაღწევს სასურველს...მეც ასე ვარ.


















