იბერიამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და კონფერენს ლიგის ფაზის მეოთხე ტურში ხეტაფე 1:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ გააკეთა.
"პირველ რიგში, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და გულშემატკივრობისთვის. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალა ერთობაშია. ამ კლუბმა ერთ-ერთი ისტორია დაწერა. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ეს გამარჯვება მოვიპოვეთ.
საქმე გეგმის მიხედვით წავიდა, მათ შორის, გოლიც. ეს ნიშნავს, რომ სწორად ვიმუშავეთ. ფეხბურთელებმა დავალებები შეასრულეს. თუმცა ეს გამარჯვება არ ნიშნავს, რომ უნდა მოვდუნდეთ.
"კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ" სტერეოტიპი დიამსხვრა, რაც სასიხარულოა. დღეს კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ.როცა გოლი გაგაქვს, მეტოე ზეწოლას აძლიერებს და ლოგიკურია, რომ შედარებით უკან თამაში გიწევს, განსაკუთრებით, თუ ბოლო წუთებია. მაგრამ დღეს სხვანაირი სცენარი ვიხილეთ.
ის, რომ გუნდი უმატებს, მონდომების, თავდაჯერებულობისა და სწორი ანალიზის დამსახურებაა. ეს ყველაფერი გამოცდილებიდან მოდის. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს, თუ იბერია ევროტურნირზე ისევ იქნება, კიდევ უფრო განვვითარდებით.
ჩვენც ორი ფეხი და ორი ხელი გვაქვს - სხვებისგან არაფრით განვსხვავდებით. ქართულ გუნდებს ინტენსიური მატჩების ჩატარება შეუძლიათ. ამ ტემპს ცოტა მიუჩვეველნი ვართ და ნელ-ნელა ამას ვსწავლობთ. ვცდილობთ, თანამედროვე ფეხბურთს შევეჩვიოთ და სწორედ ამისკენ მივისწრაფვით.
თამაშის წინ გიორგი ქობულაძეს ვუთხარი, რომ გოლს გაიტანდა. არ ვიცი, რატომ გავაკეთე ეს, მაგრამ მართლაც ახდა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიტანს, მაგრამ რატომღაც ვუთხარი.
ახლა ფოკუსი ბათუმის დინამოზეა. ეიფორიიდან უნდა გამოვიდეთ.ჩემი სურვილია, რომ ხალხი ეროვნული ლიგის მატჩებზეც დადიოდეს. ასე უფრო წინ წავალთ. ფეხბურთს სანახაობას გულშემატკივარი სძენს. "თქვენ ითამაშეთ და ჩვენ მოვალთ" - ამ აზრს არ ვეთანხმები. ერთად უნდა განვვითარდეთ", - განაცხადა კორღალიძემ.




![[VIDEO] არეულობა ბათუმში - ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Ff6KSfzcz0nBx2WcTduZByB6GaRY9yvLj.png&w=3840&q=75)






