კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებიდან წავიდა. 23-წლიანი თავგადასავალი, რომელიც მოიცავდა 234 მატჩს, 146 გოლსა და 3 ტიტულს, რითაც პირენეელები ახალ საფეხურზე ავიდნენ. გავიხსენოთ, როგორ დაიტანა პორტუგალიელმა ფორვარდმა თავისი ეროვნული გუნდი საუკეთესო ნაკრებთა რუკაზე.
ვარსკვლავის დაბადება - ევრო 2004-ის ვიცე-ჩემპიონი
რონალდუს პირველი სანაკრებო გაბრწყინება მოხდა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პორტუგალია ფინალამდე მივიდა. ტურნირი გაიხსნა მასპინძელ პირენეელთა და მომავალი ტრიუმფატორის, საბერძნეთის ეროვნული გუნდის შეხვედრით, რომელშიც პორტუგალიელმა ვინგერმა ეროვნულ ნაკრებში 1-ელი ბურთი შეაგდო.
"ლუზიტანები" დამარცხდნენ იმ მატჩში, თუმცა მომდევნო თამაშებში გამარჯვებებმა ისინი როგორც აღვნიშნეთ, ფინალამდე მიიყვანა. კრიშტიანუს ბენეფისად იქცა 1/2 ფინალური დუელი ნიდერლანდთა ეროვნულ გუნდთან, რომელთანაც მან ჯერ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი მანიშე რიბეიროზე ასისტიც ჩაიწერა.

ნახევარფინალურ მატჩამდე მანჩესტერ იუნაიტედის შემტევმა ასევე გააკეთა საგოლე გადაცემა რუსეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში და კიდევ, ახალგაზრდა ვინგერმა ზუსტად შეასრულა შეხვედრის შემდგომი 11-მეტრიანი ინგლისის ეროვნულ გუნდთან. რაც შეეხება ევრო 2004-ის მთავარ დუელს, როგორც აღვნიშნეთ, ლუის ფელიპე სკოლარის შეგირდებმა კვლავ "ელადელებთან" წააგეს.
2004 წლისთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე მივიდა. 19 წლის შემტევი წესით უნდა ყოფილიყო კმაყოფილი: ვიცე-ჩემპიონობა, 2 ბურთს + 2 ასისტი და ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვედრა, მაგრამ მთავარ შეხვედრაში წაგების გამო ის საშინლად იმედგაცრუებული დარჩა.

რონალდუსა და პორტუგალიის კიდევ ერთი ისტორიული ნიშნული - 2006 წლის მუნდიალის 1/2 ფინალი
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდუმ ნამდვილი ვნებათაღელვა გადაიტანა. რაც შეეხება ახალგაზრდა შემტევის უშუალოდ პერფომანსს - ირანის ეროვნული გუნდის კარის აღება და ისე როგორც ევრო 2004-ზე, ინგლისის კარში ზუსტად შესრულებული შეხვედრის შემდგომი 11-მეტრიანი, თანაც ამჯერად გადამწყვეტი.
ბრიტანელებთან მეოთხედფინალურ მატჩში პორტუგალიელ შემტევს მოუვიდა კონფლიქტი თავის იმდროინდელ თანაგუნდელთან, უეინ რუნისთან და აღნიშნული ინციდენტი ამ უკანასკნელის გაძევებით დასრულდა. "3 ლომის" წაგების შემდეგ, კრიშტიანუს მიმართ მტრულად განეწყო მთელი ალბიონი, მათ შორის მოედნიდან გაგდებული ინგლისელი ფორვარდიც.

მანჩესტერ იუნაიტედის შემტევები მოგვიანებით შერიგდნენ საკლუბო სეზონის დაწყებისას და მომავალში მათ ერთად არაერთ წარმატებასაც მიაღწიეს. რონალდუს გუნდის სვლა 1/2 ფინალში შეაჩერა საფრანგეთმა და ეს იყო მე-2 შემთხვევა 1966-ის შემდეგ, როცა პორტუგალია მსოფლიოს 4 საუკეთესოს შორის მოხვდა.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერე პირენეელებმა ითამაშეს ყველა მომდევნო მუნდიალზე, თუმცა გერმანიის ტურნირზე დაფიქსირებული შედეგი მიუღწეველი დარჩა. 1/2 ფინალური შეხვედრის შემდეგ, გაოგნებას ვერ მალავდა ზინედინ ზიდანი, რომლის სიტყვებით, პორტუგალიელი ვინგერი ვერ ეგუებოდა წაგებას ისე, თითქოს მან არ იცოდა, თუ რას ნიშნავდა ეს.

კაპიტნის სამკლაურისა და 7 ნომრის მიღება ლუიშ ფიგუსგან
რონალდუ და შვიდიანი თითქოს არის მარადიული ისტორია, თუმცა სანაკრებო კარიერის დასაწყისში ახალგაზრდა შემტევი 17-ნომრით თამაშობდა. საქმე ისაა, რომ პორტუგალიელი ვინგერის საყვარელი ნომერი იმ დროს დაკავებული იყო ლუიშ ფიგუს მიერ, რომელიც მის გამოჩენამდე ითვლებოდა პირენეელთა საუკეთესო მოთამაშედ...ცხადია, ეუსებიო და სილვა ფერეირასთან ერთად.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებით, ვეტერანი პორტუგალიელი შემტევი წავიდა ნაკრებიდან და თავისი შვიდიანი მან სწორედ კრიშტიანუს დაუტოვა. სიტყვებიც ზედმეტია იმის ასაღწერად, თუ როგორ ღირსეულად გააგრძელა ახალგაზრდა ვინგერმა მადრიდის რეალის ყოფილი ვარსკვლავის ტრადიცია.

რაც შეეხება კაპიტნობას, მანჩესტერ იუნაიტედის შემტევმა პირველად სამკლაური მოირგო 2007 წლის თებერვალში, ბრაზილიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში. პორტუგალიის ეროვნული გუნდის მე-7 ნომერმა შემდეგ კიდევ რამდენიმე თამაშში უკაპიტნა "ლუზიტანებს", სამხრეთ აფრიკის მუნდიალის შესარჩევზე კი სამკლაური მის ხელში ოფიციალურად გადავიდა.
რონალდუმ პორტუგალიას უკაპიტნა სანაკრებო კარიერის დასრულებამდე - ჯამში, 172 მატჩში, რაც საერთაშორისო ასპარეზზე რეკორდული მაჩვენებელია. გამოსარჩევია ისიც, რომ "სელესაოსთან" შეხვედრაში, როცა პორტუგალიელმა ვინგერმა სამკლაური მოირგო პირველად, ის სულ რაღაც 22-ის იყო.

ზლატან იბრაჰიმოვიჩთან მოგებული პერსონალური დუელი - 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი
პორტუგალიამ ვერ მოახერხა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფიდან და ამიტომ, რონალდუს გუნდს პლეიოფის თამაში მოუწია. პირენეელთა მოწინააღმდეგე აღმოჩნდა შვედეთის ეროვნული გუნდი და ეს დაპირისპირება პორტუგალიელი ფორვარდისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის პერსონალურ დუელად შეირაცხა.
შვედი თავდამსხმელი ცნობილია ხმამაღალი განცხადებებით და მორიდებას ის არც "ლუზიტანებთან" მატჩის წინ მალავდა. პირველი თამაში მინიმალური ანგარიშით მოიგეს პაულო ბენტუს შეგირდებმა, კრიშტიანუს ერთადერთი ბურთით. რაც შეეხება მე-2 შეხვედრას, მაყურებელმა იხილა ნამდვილი სპექტაკლი, მთავარ როლებში კი სწორედ პორტუგალიელთა კაპიტანი და პარი სენ-ჟერმენის იმდროინდელი ლიდერი იყვნენ.

სკანდინავიელების ათიანის ორ გოლს პირენეელთა შვიდიანმა უპასუხა ჰეთ-თრიქით და თავისი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. ეს შედეგი მძიმე დარტყმა გამოდგა იბრასთვის, რომელმაც აღნიშნული დუელის შემდეგ, რონალდუ აითვალწუნა სამუდამოდ, მაგრამ ბალონ დ'ორის მომავალ მფლობელს ეს ნაკლებად ადარდებდა.
იმ დაპირისპირების მერე, როცა შვედ თავდამსხმელს ეკითხებოდნენ სხვადასხვა ლეგენდარული ფეხბურთელების შესახებ, ის აუცილებლად გამოარჩევდა ხოლმე საკუთარ თავსა და ლეო მესის, მაგრამ არა პორტუგალიელ ფორვარდს. ზლატანი მის იგნორს დღემდე აგრძელებს. საინტერესოა ისიც, რომ ბარსელონას ექს-სტრაიკერმა კრიშტიანუს 13 შეხვედრიდან მხოლოდ 3 მოუგო.

პორტუგალიის ნაკრების რეკორდსმენი - მიუღწეველ რიცხვებზე ასვლა
2014 წლის მარტში რონალდუმ გაიტანა 48-ე გოლი პორტუგალიის ნაკრების მაისურით, რითაც გადაასწრო პედრო პაულეტას და გახდა თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი. გზად პორტუგალიელმა ფორვარდმა აჯობა ისეთ ლეგენდარულ მოთამაშეებსაც, როგორებიც ეუსებიო და ფიგუ არიან.
ისტორიული, 48-ე გოლის მერე კრიშტიანუ სანაკრებო კარიერის ბოლოსთვის ავიდა 146 ბურთზე - მიუღწეველი ნიშნული პირენეელების სხვა ფეხბურთელთათვის. რატომ მიუღწეველი? თავად განსაჯეთ: "ლუზიტანების" უახლოესი მოქმედი მოთამაშე, ვინც არის ალ ნასრის ამჟამინდელ კაპიტანთან ყველაზე ახლოს, ბრუნო ფერნანდეშია, რომელსაც 117 ბურთით ნაკლები აქვს.

პორტუგალიის ნაკრებში ჩატარებული მატჩების მხრივ ლეგენდარული შვიდიანი ასევე არის ძალიან შორს - 234 თამაში. მოქმედ ფეხბურთელებს შორის უახლოესი მდევარი ამჯერად ბერნარდო სილვაა, რომელსაც 41 წლის ფორვარდზე 119 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. მართლაც, რონალდუ მიუღწეველია.
საინტერესოა ისიც, რომ სანაკრებო კარიერის დასაწყისში პორტუგალიელი შემტევი პირველი შვიდი მატჩის განმავლობაში მოედანს გოლის გარეშე ტოვებდა. როგორც აღვნიშნეთ, სადებიუტო ბურთი კრიშტიანუმ შეაგდო მისთვის საშინაო ევრო 2004-ის გახსნით შეხვედრაში, მომავალ ჩემპიონ საბერძნეთთან.

ევროპის ჩემპიონი
ევროპის ჩემპიონობა - მთავარი ჯილდო, როგორც რონალდუსთვის, ისე ზოგადად, პორტუგალიისთვის. ამ გამარჯვებამდე, საუკეთესო შედეგად ითვლებოდა ევრო 2004-ის ვიცე-ჩემპიონობა, რომელიც ასევე კრიშტიანუს უშუალო მონაწილეობით იქნა მიღწეული. ტიტულის მოგების გარდა, გამოსარჩევია ისიც, თუ როგორ მიიყვანა პორტუგალიელმა ფორვარდმა პირენეელები სანატრელ ჯილდომდე.
ურთულესად დაძლეული ჯგუფური ეტაპი - სამი ფრე, სამი ქულა და მესამე ადგილით გასვლა მერვედფინალში. "ლუზიტანები" ახლოს იყვნენ ჯგუფში ჩარჩენასთანაც, მაგრამ მე-3 ტურში უნგრეთის ეროვნულ გუნდთან რეალის ფორვარდის დუბლს+ასისტმა მომავალი ჩემპიონები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

მოგვიანებით იყო ხორვატიის ნაკრებთან მატჩის 117-ზე წუთზე განხორციელებული გადაცემა რიკარდო კუარეშმაზე და მის მიერ გამარჯვების მომტანი ბურთი, ასევე პოლონეთის ეროვნულ გუნდთან ზუსტად შესრულებული დარტყმა შეხვედრის შემდგომ 11-მეტრიანებში, ბოლოს კი ბენეფისი 1/2 ფინალში უელსთან.
ფერნანდო სანტუშის გუნდის შვიდიანმა ჯერ თავად გაუტანა ბრიტანელებს, მოგვიანებით კი მან საგოლე გადაცემით ლუიშ ნანისაც შეაგდებინა. ასე მოუგო რონალდუმ პერსონალური დუელი გარეთ ბეილს. რაც შეეხება საფრანგეთთან მთავარ შეხვედრას, სრული შოკი იყო, როცა 25-ე წუთზე პორტუგალიელ ფორვარდს ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.
კაპიტნისა და ლიდერის გარეშე დარჩენილმა პირენეელებმა არაფერი დაუთმეს "მამლებს" და 109-ე წუთზე ევროპის ჩემპიონობის მომტანი გოლიც შეაგდეს. ევროზე საუბრისას აუცილებლად სახსენებელია ისიც, რომ 14 ბურთით, კრიშტიანუ კონტინენტის პირველობის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორიცაა.

ჰეთ-თრიქი ესპანეთის ნაკრებთან - 2018 წლის მუნდიალი
რონალდუს საუკეთესო მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე? რა თქმა უნდა, ჰეთ-თრიქი ესპანეთთან, რომელიც მან 2018 წელს გამართულ ტურნირზე შეაგდო. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრაში პორტუგალიელმა ფორვარდმა თავისი ეროვნული გუნდი წინ გაიყვანა 2-ჯერ, მაგრამ 88-ე წუთისთვის 3:2-ს "ლა როხა" იგებდა.
"ლუზიტანებს" გადამრჩენელად მოევლინა ისევ და ისევ კრიშტიანუ, ვინც ულამაზესი ჯარიმით დავიდ დე ხეას მესამე გოლი გაუტანა. "ხარების" კარში შესრულებული ჰეთ-თრიქის მომენტში პორტუგალიელთა კაპიტანი იყო 33 წლისა და 130 დღის, რითაც ის გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელსაც მუნდიალის 1 შეხვედრაში 3 ბურთი შეუგდია.

რეკორდი, რომელიც აქტიური რჩებოდა ორი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში, სანამ 38 წლის მესიმ სამი გოლი ალჟირის ნაკრებს არ გაუტანა. დავუბრუნდეთ რუსეთის მუნდიალს, რომელზეც პირენეელთა მე-7 ნომერმა ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს ეროვნული გუნდის კარიც აიღო. იმ დროისთვის უკვე ვეტერანმა რონალდუმ ტურნირი დაასრულა 4 ბურთით და მასზე მეტი მხოლოდ ჰარი კეინმა (6) შეაგდო.
ფერნანდო იეროს გუნდის კარში შესრულებული ჰეთ-თრიქი მსოფლიო ჩემპიონატებზე არის პორტუგალიელი თავდამსხმელის საუკეთესო, თუმცა არა ერთადერთი გაბრწყინება. კრიშტიანუმ მუნდიალებზე საერთო ჯამში შეაგდო 11 ბურთი, რითაც ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა 10-ეულში შევიდა.

ერთა ლიგის ტიტულები
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ტიტული იყო პირველი თასი, რომელიც მოიპოვა პორტუგალიამ და მოგვიანებით, რონალდუმ თავის ნაკრებს ერთა ლიგის 2 ჯილდოც მოაგებინა. ტურნირის სადებიუტო გათამაშებაში პორტუგალიელმა ფორვარდმა ჯგუფური ეტაპი გამოტოვა, მაგრამ 1/2 ფინალში პირენეელებს კაპიტნის რანგში გაუძღვა.
შვეიცარიის ნაკრებთან 1/2 ფინალური მატჩი კრიშტიანუსთვის გამოდგა ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი - ჯარიმით გახსნილი ანგარიში და კიდევ ორი ბურთი შეხვედრის მიწურულს. ასე მივიდნენ "ლუზიტანები" ერთა ლიგის მთავარ შეხვედრამდე, რომელშიც მათ მინიმალური ანგარიშით ნიდერლანდებს მოუგეს.

ეს ყველაფერი მოხდა 2019 წელს, მეორე ტიტული კი პორტუგალიამ 6 წლის შემდეგ მოიპოვა. რეალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა სტაბილურად გაიტანა მნიშვნელოვანი ბურთები ხორვატიის, პოლონეთისა და შოტლანდიის წინააღმდეგ, რამაც პირენეელებს ჯგუფში 1-ელი პოზიცია მოუტანა.
მეოთხედფინალში დანიის ნაკრების დამარცხებით, სადაც განმეორებით მატჩში "ლუზიტანების" შვიდიანმა ასევე გაიტანა, მოვიდა ნახევარფინალის დრო, რომელშიც ამჯერად გერმანიის ეროვნული გუნდი იქნა დამარცხებული. გადამწყვეტი ბურთი რობერტო მარტინესის შეგირდებიდან სწორედ რონალდუმ შეაგდო.
რაც შეეხება ფინალს, ესპანეთთან დრამატულ ბრძოლაში ანგარიში კრიშტიანუმ გაათანაბრა. მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც პორტუგალიელებმა ზუსტად შეასრულეს დარტყმები და ისტორიაში პირველად გახდნენ ერთა ლიგის 2-გზის ჩემპიონები. კიდევ ერთი ისტორიული ნიშნული, რომელიც ლეგენდარულ პორტუგალიელ ფორვარდთან ერთად იქნა მიღწეული.

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი საერთაშორისო სანაკრებო ასპარეზზე
პორტუგალიის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობის მერე რონალდუმ მიზნად დაისახა გოლეადორობა ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე. პორტუგალიელ ფორვარდს საამისოდ სჭირდებოდა ალი დაეის გადასწრება, რომლის ანგარიშზე 109 ბურთი იყო. მან ეს შეძლო 2021-ის სექტემბერში, ირლანდიის ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში.
სანაკრებო კარიერის ბოლოსთვის, როგორც აღვნიშნეთ, კრიშტიანუს ანგარიშზე უკვე 146 გოლი იყო. წარმოუდგენელია, ვინ უნდა მოხსნას მისი მიღწევა მომავალში, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ შორს არის პირენეელთა ექს-კაპიტანი კონკურენტებისგან. ის აღნიშნულ კომპონენტშიც მოუწვდომელია.

უახლოესი მოქმედი ფეხბურთელი, ვინც ახლოს არის "ლუზიტანების" ყოფილ შვიდიანთან რომელუ ლუკაკუა, რომელსაც 52 გოლით ნაკლები აქვს. შემდეგ მოდიან რობერტ ლევანდოვსკი და ჰარი კეინი, რომლებმაც 41 წლის ფორვარდზე 54 - 55 ბურთით ნაკლები შეაგდეს. პრაქტიკულად არარეალურია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩამოთვლილი სტრაიკერები საერთაშორისო კარიერის ფინიშისკენ მიდიან.
შედარებით ახალგაზრდებში გამოსარჩევები არიან კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი, თუმცა რონალდუ მათ ჯერჯერობით ასტრონომიულად უსწრებს. თავად განსაჯეთ: ფრანგ ფორვარდზე წინ პორტუგალიელი ლეგენდა არის 79 ბურთით, ნორვეგიელზე კი 81-ით. მათ ჯერ არ გაუტანიათ იმის ნახევარიც კი, რაც კრიშტიანუმ შეაგდო.

თავად რონალდუს მიუღწეველი მწვერვალი
რა იგულისხმება სათაურში "სრულყოფილებამდე ერთ ნაბიჯში"? ის, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ვერ შეძლო. ცხადია, აღნიშნული ფაქტი სულაც არ აკნინებს პორტუგალიელ ფორვარდს, მაგრამ ალბათ დაგვეთანხმებით, მისი დონის მოთამაშეს მუნდიალის მინიმუმ 1 თასი უნდა ჰქონდეს.
მითუმეტეს, დაწყება იყო ძალიან იმედისმომცემი - თავის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანუ ნახევარფინალამდე მივიდა. სწორედ აღნიშნული შედეგი დარჩა პორტუგალიის ეროვნული გუნდის ექს-კაპიტნის კარიერაში საუკეთესოდ. შემდეგ იყო 1/4 ფინალი, 3-ჯერ 1/8 ფინალი და ერთხელ ჯგუფური ეტაპის ვერ გადალახვაც.
მსოფლიო ჩემპიონობის გარეშე კარიერის დასრულების მიუხედავად, "ლუზიტანების" შვიდიანმა რამდენიმე გამორჩეული რეკორდის დამყარება მაინც შეძლო. 41 წლის ფორვარდი, მესისა და გილიერმო ოჩოასთან ერთად იმ 3 მოთამაშეს შორისაა, რომელიც 6 მუნდიალზე იყო. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს და არა მხოლოდ განაცხადში ყოფნას, ასეთები მხოლოდ ლეო და რონალდუ არიან.

ამის გარდა, ესპანეთთან მატჩში პორტუგალიელი თავდამსხმელი აღმოჩნდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, მათ შორის ვინც მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში ითამაშა. ხორვატიის კარის აღებით კი კრიშტიანუ გახდა ასევე ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც მუნდიალის პლეიოფში შეაგდო.
ბოლოს მთავარი - პორტუგალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც გოლის გატანა ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა. მართალია, პირენეელთა ყოფილმა მე-7 ნომერმა ვერ შეძლო მუნდიალის თასის აღმართვა, მაგრამ მისი სინდისი სუფთაა, რადგან საამისოდ საკმარისზე მეტიც გააკეთა.


















