თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე შერეული საბრძოლო ხელოვნებების მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ხუთი ქართველი მებრძოლი გავიდა. უფროსებს შორის გადამწყვეტ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება ლევან ლაგვილავამ (+97 კგ) მოიპოვა, ახალგაზრდებში კი ნახევარფინალური ბარიერი წარმატებით გივი ბერიძემ (70,3 კგ), იოანე ბიქოშვილმა (79,4 კგ), ნიკა ბერიძემ (88,4 კგ) და საბა სულამანიძემ (97 კგ) დაძლიეს.
ლაგვილავამ ტურნირი მერვედფინალიდან დაიწყო და ლიბანელი გაბრიელ ელ ხური საბმიშენით დაამარცხა. მტკივნეული ილეთით გაიმარჯვა მეოთხედფინალში შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონ ოლექსანდრ ხოდაკოვთანაც, ხოლო ნახევარფინალში მეტოქე არ გამოუცხადდა.
რაც შეეხება ახალგაზრდულ პლანეტის პირველობას, იოანე ბიქოშვილმა ჩეხ მიხალ ვავრუშეკთან, მონტენეგროელ ჩანიო რაიკოვიჩთან და ლიეტუველ კაროლინ დიუგევიცთან ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა, ნახევარფინალში კი მეტოქე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა. სიმბოლურია ის ფაქტი რომ ძმებმა ბერიძეებმა ფინალის საგზური ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვეს. გივი ბერიძემ (70,3 კგ) ესპანელ იან გაელ გომეს გარსიას, უკრაინელ ოლეჰ პლაზოვსკის, პოლონელ დავიდ მარზეცსა და ფრანგ ბამბო სიმას აჯობა, ხოლო ნიკა ბერიძე (88,4 კგ) რუსებზე, საიდ გასანოვსა და სემინ ანინიანზე და უკრაინელ დენის კოზორაზე ძლიერი აღმოჩნდა. ბერიძეებზე და ბიქოშვილზე შედარებით გვიან ჩაერთო მსოფლიოს ჩემპიონატში საბა სულამანიძე (97 კგ), რომელმაც უზბეკი სამანდარბეკ ერგაშევი და ავსტრიელი დავიდ ზარგარიანი დაამარცხა.
ფინალში გასვლასთან ახლოს კიდევ სამი ქართველი მებრძოლი იყო, თუმცა ნახევარფინალში ტატო აბსანძე (74,6 კგ) რუს ნარეკ ასოიანთან, ანა აბრამიშვილი (61,2 კგ) ფრანგ კლემენტინ პოტისთან, ხოლო მამანა მუქერია (70,3 კგ) ფინელ ისლა ფონოსთან დამარცხდა და სამივე მათგანი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ. ფინალური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ტურნირის ბოლოსწინა და ბოლო დღეს, ხვალ და ზეგ 14:00 საათიდან დაიწყება.
















